15-18 ოტომბერს დაგეგმილია ევროკავშირის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპასთან და ცენტრალურ აზიასთან თანამშრომლობის კომიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში. ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში 15-16 ოქტომბერს დაგეგმილია გასვლითი ღონისძიებები და სამუშაო შეხვედრები დელეგაციის მიერ საქართველოში სხვადასხვა კუთხით მიღწეული განვითარებისა და ადგილზე გაცნობის მიზნით, ხოლო 17-18 ოქტომბერს იგეგმება ხსენებული კომიტეტის წევრების სამუშაო შეხვედრების ჩატარება საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან.
„აღნიშნული ვიზიტის დატვირთვა მდგომარეობს იმაში, რომ ევროკავშირის საბჭოს ხსენებული კომიტეტის წარმომადგენლებს, რომლებიც მსჯელობენ და კომპეტენციის ფარგლებში იღებენ გადაწყვეტილებებს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავების კონრეტულ მიმართულებებზე ექნებათ საშუალება ადგილზე ნახონ ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების მიღწევები. დელეგაციის მიზანია საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმებისა და მიღწეული წარმატებების გაცნობა. ვიზიტის ფარგლებში ქართულ და ევროპულ მხარეებს საშუალება ექნებათ ფართოდ და დეტალურად განიხილონ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ყველა პრიორიტეტული მიმართულება და სამომავლო პერსპექტივები. შესაბამისად, ქართული მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აღნიშნულ დელეგაციასთან მუშაობას. ასევე აღსანიშნავია, რომ დელეგაციის პირველი ვიზიტი საქართველოში განხორციელდა 2008 წელს", - განაცხადა ვაშაკიძემ.
მისივე თქმით, 13 ოქტომბერს ქალაქ ბრიუსელში დაგეგმილია საქართველო-ევროკავშირის ენერგეტეკის, გარემოს დაცვისა და ტრანსპორტის საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მეორე სხდომა ექსპერტების დონეზე.
„ქვეკომიტეტის დღის წესრიგის მიხედვით, სხდომაზე განხილული იქნება ბოლო ერთი წლის განმავლობაში ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის სფეროებში საქართველოში განხორციელებული რეფორმები და აღნიშნული დარგების ფარგლებში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკა. ყურადღება გამახვილდება რეგიონულ თანამშრომლობაზე. მხარეების ასევე იმსჯელებენ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის შემდეგი განვითარების გზებზე ხსენებული მიმართულებებით", - აღნიშნა ვაშაკიძემ.
ვაშაკიძის ინფორმაციით, 13-14 ოტომბერს კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში გაიმართება ევროპის საბჭოს ფორუმი დემოკრატიის მომავლისათვის. რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მთავრობებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ფორუმის თემა იქნება „დემოკრატიის დამტკიცება სამოქალაქო დიალოგისა და ჩართულობის გზით". აღნიშნულ ღონისძიებას ქართული მხრიდან დაესწრება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე.