ეგვიპტის პრემიერ-მინისტრი ესსამ შარაფი მოსახლეობას სიმშვიდისაკენ მოუწოდებს, მას შემდეგ რაც ქაიროში ქრისტიანებისა და მუსულმანების შეტაკების შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა. შეტაკება ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის მას შემდეგ მოხდა, რაც ქაიროში ქრისტინებმა ეგვიპტის ერთ-ერთ პროვინციაში კოპტურ ტაძარზე თავდასხმა გააპროტესტეს.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ეგვიპტეში ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის ურთიერთობები "ქვეყნის უსაფრთხოებას უქმნის" საფრთხეს. ქაიროს რამდენიმე რაიონში კომენდანტის საათია გამოცხადებული.
აღსანიშნავია, რომ ქრისტიანი-კოპტები ეგვიპტის მოსახლეობის 10 % შეადგენენ. მრავალი მათგან, ქვეყნის მმართველ სამხედრო საბჭოს ეკლესიების დამრბევთა მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებაში სდებს ბრალს. თავდაპირველად დემონსტრანტებმა მსვლელობა ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიისკენ მოაწყვეს, პირველი შეტაკებები სწორედ იქ მოხდა, შემდეგ მღელვარება ეგვიპტის ცენტრში მდებარე ტახირის მოედანზე გაგრძელდა. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ შეტაკებების დროს რამდენიმეჯერ უცნობმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლეს.
გარდაცვლილი 24 ადამიანების რელიგიური აღმსარებლობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. დაჭრილია 212 ადამიანი.