ხვალ, 10 სექტემბერს, 12 საათზე, თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET (მისამართი: ზანდუკელის ქუჩა #16) უმასპინძლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრს, დიმიტრი გვინდაძეს. მინისტრი IშEთ-ის სტუდენტებისთვის ჩაატარებს ლექციას "საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტენდენციები".
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრი ISET -ის სტუდენტებს მიაწვდის ინფორმაციას ბიუჯეტის პარამეტრებზე, ფისკალურ პოლიტიკაზე, მიმდინარე დადებით მაკროეკონომიკურ დინამიკაზე საქართველოში, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპებზე და სტრუქტურულ რეფორმებზე.
ISET -ის ძირითადი მისიაა ეკონომისტთა ახალი თაობების აღზრდა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისათვის, ეკონომიკის სწავლებისა და კვლევების თანამედროვე მიდგომების დანერგვა ჩვენს რეგიონში. დიმიტრი გვინდაძე თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის მმართველთა საბჭოს წევრია სკოლის დაარსების დღიდან.