საფრანგეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი, დღევანდელი მთავრობის სხდომის მთავარი თემა იყო. როგორც სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, სარკოზის ვიზიტი და მისი გზავნილები საქართველოსთვის როგორც პოლიტიკურად ასევე ეკონომიკურად ძალიან მნიშვნელოვანია.
"საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის გზავნილები, რომელიც პრეზიდენტმა სარკოზიმ გუშინ გააკეთა. განსაკუთრებით გამოვყოფდი ორ გზავნილს. ერთია საქართველო რუსეთის ურთიერთობა, სადად მან ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთს არ აქვს შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ თავად სარკოზიმ, ამ შეთანხმების თანახელმოწერმა, მოუწოდა რუსეთს ხელშეკრულების შესრულებისკენ. მნიშვნელოვანი იყო იმის აღნიშვნაც, რომ რუსეთის მცდელობები სსრკ-ს აღდგენისა ისტორიას ჩაბარდა და რომ ამის გაკეთება უკვე შეუძლებელია. ეს თავის მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია რუსეთისადმი.
მეორე მნიშვნელოვანი გზავნილია, პრეზიდენტ სარკოზის გზავნილი საქართველო ნატოს და საქართველო ევროკავშირის ურთიერთობებთან დაკავშირებით. აქამდე ასეთი პირდაპირი გამოხატულება საფრანგეთის მხარდაჭერისა არ ყოფილა. ეს არის პირველი პირდაპირი მხარდაჭერა საფრანგეთის პრეზიდენტისგან.
ჩვენ ძალიან ბევრი მეგობარი გვყავს ნატოშიც და ევროკავშირშიც და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მეგობრებს შეუერთდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო - საფრანგეთი. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პოლიტიკურად არამედ ეკონომიკურადაც. ინვესტოირებისათვის მნიშვნელოვანია სტაბილური გარემო"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პირველი პირი საქართველოს 7 ოქტომბერს სტუმრობდა, რომელმაც თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი გააჟღერა.