"2004 წლიდან თქვენი ქვეყნის სიმდიდრე ათჯერ გაიზარდა", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი განცხადებით, შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე საქართველოში, რომელიც 2004 წელს 765 დოლარი იყო, დღეს გაცილებით მეტია.
"შიდა რეფორმებისა და გახსნილობის სტრატეგია საუკეთესო შანსია, რათა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა დარწმუნდეს, რომ მათი მომავალი არის ქართველ თანამემამულეთა გვერდით - ღია ქვეყანაში და არა იზოლირებულ და დამონებულ ფსევდოსახელმწიფოებში", - განაცხადა სარკოზიმ და დასძინა, რომ რეფორმების განვითარების სტრატეგიის გაგრძელება არის საუკეთესო საშუალება საქართველოსთვის, რათა ევროკავშირიც დარწმუნდეს, რომ ეს ევროპული ქვეყანაა.
"მე, როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი, ვაცხადებ, რომ თქვენი ქვეყანა არის თავისი კულტურით, განვითარებითა და ფასეულობით ევროპული. ევროკავშირთან დაახლოება დამოკიდებულია, უწინარეს ყოვლისა, თქვენს რეფორმებსა და თქვენი დემოკრატიის გაღრმავებაზე. გულწრფელად გეტყვით, რომ როდესაც თბილისში ვიმყოფები, თავი ევროპაში მგონია და არა სხვაგან სადმე", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.