საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა სამინისტროს 2009 წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა.
როგორც მინისტრმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიმდინარე წელს ძირითადი ყურადღება აფხაზეთიდან დევნილებისთვის ფართების დაკანონებაზე გამახვილდა.
"2009 წელს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში აფხაზეთიდან დევნილ 15 ათას ოჯახს გადაეცა", - განაცხადა სუბელიანმა.
ამასთან, მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი სამინისტრო მუშაობას იგივე ტემპით გააგრძელებს, 2011 წლისათვის საკუთარი საცხოვრებელი სახლი ყველა დევნილს ექნება.
"სახელმწიფომ 2009 წელს დევნილების პრობლემების მოგვარებაზე 100 მილიონი ლარი დახარჯა. დაახლოებით იგივე რაოდენობის თანხის დახარჯვა იგეგმება მომავალ წელსაც", - განმარტა მან და მომავალი წლის გეგმებზე საუბარისას აქვე დასძინა, რომ დევნილთა საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებასთან ერთად 2010 წელს პრიორიტეტი მათი დასაქმებაც იქნება.