ევროპის დამოუკიდებელი კინოს ფესტივალი 2011 წლის გამარჯვებული ფილმების ჩვენება კინოთეატრ „ამირანში" 7-9 ოქტომბერს მოეწყობა, სადაც ქართველ მაყურებელს საშუალება ექნება იხილოს ევროპის 19 საუკეთესო დამოუკიდებელი ფილმი, რომელიც 14 სხვადასხვა ქვეყნიდან არის წარმოდგენილი, ნომინაციებში : მხატვრული, მოკლემეტრაჟიანი, დოკუმეტური, ანიმაციური და ექსპერიმენტული.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენისთვის" გახდა ცნობილი, ფესტივალის ფარგლებში „ეკუ"-ს პრეზიდენტი და ოსკაროსანი რეჟისორი სკოტ ჰილიერი მასტერკლასებსაც გამართავს.
„თბილისური ფესტივალის მიზანია, საქართველოში კინემატოგრაფის ის ტენდენციები გახდეს ცნობილი საზოგადოებისთვის, რაც ფილმის შემქმნელებსა და მაყურებლებს წლიდან წლამდე უნარჩუნებს ინტერესს ევროპის დამოუკიდებელი კინო ფესტივალის მიმართ", - აცხადებს ეროვნული დამოუკიდებლობის კინო ფესტივალის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ელენე დუმბაძე.
აღსანიშნავია, რომ წელს „ეკუს" ფესტივალზე პარიზში მონაწილეობდა თორნიკე ბზიავას „აპრილის სუსხი", რომელმაც გაიმარჯვა ნომინაციაში - „საუკეთესო დამოუკიდებელი მოკლემეტრაჟიანი ფილმი".
„ეკუ" დამოუკიდებელი კინოს ფესტივალი საქართველოში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ეროვნული კინოცენტრის და „თიბისი" ბანკისა მხარდაჭერით იმართება.
შეგახსენებთ, რომ „ეკუ" - ევროპის დამოუკიდებელი კინოს ფესტივალი პარიზში 8 სექტემბერი ჩატარდა და ამჯერად, მსოფლიო ტურნე თბილისში 7 ოქტომბერს დაიწყება.