"ხელოვანის ინტერესია, შემოქმედება ხალხს აჩვენოს. ხშირად გვესმის, რომ ისინი ვერ ახერხებენ კონცერტის გამართვას, იმიტომ, რომ დარბაზი და ტექნიკა ძვირი ღირს. "ქართული ხელოვნების საღამოების" პროგრამის ფარგლებში მათ საშუალება აქვთ, რომ ფინანსური დანახარჯის გარეშე კონცერტი გამართონ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" "ისთერნ პრომოუშენის' დირექტორმა მიშა გიორგაძემ.
კულტურის სამინისტრომ პროექტის ფარგლებში გასამართი კონცერტების პროგრამა უკვე წარადგინა, სადაც ოქტომბრიდან მაისის ჩათვლით, ყოველ პარასკევს, ქართველი ხელოვანების შემოქმედებითი საღამო მოეწყობა. პროგრამა კულტურის სამინისტროს, "ისთერნ პრომოუშენის" და ფილარმონიის წარმომადგენლების შეთანხმებით შედგა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზის დირექტორმა, გიორგი კერესელიძემ განუცხადა პროგრამის შედგენას მათ ერთი თვე მოანდომეს.
"ერთი თვის განმავლობაში ვარჩევდით პროგრამას, გვინდოდა პროექტის ფარგლებში, ოქტომბრიდან მაისის ჩათვლით საინტერესო ქართული ნაციონალური სანახაობა გვეჩვენებინა დიდ სცენაზე. ჩვენ საშუალებას მივცემთ ქართველ ხელოვანებს, თავიანთი შემოქმედება ქართველი მსმენლის წინაშე მიიტანონ. ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი ამ პროექტს დიდი სიამოვნებით დაუთმობს დროს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" კერესელიძემ.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ხელოვნების საღამოებში" მონაწილეობას იღებენ: სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლები: "რუსთავი", "ერისიონი", ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები", ასევე, ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის საბალეტო დასი ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით, ფოლკლორის ეროვნული ცენტრი ახალი პროგრამით, ანსამბლები: "მართვე", "ქართული ხმები", ნიაზ დიასამიძე და 33ა და "ზუმბალენდი".