თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში 9 ოქტომბრიდან "ქართული ხელოვნების საღამოები" გაიმართება. პროექტის ფარგლებში, ოქტომრიდან მაისის ჩათვლით (2011 -2012 წლები), ყოველი კვირის ბოლოს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასისა და ქართული ფოლკლორის საღამოები, რომლის გრაფიკი უკვე შედგენილია.
ამასთან დაკავშირებით, დღეს კულტურის სამინისტროში პრესკონფერენცია მოეწყო. ნიკოლოზ რურუამ აღნიშნა, რომ ეს კონცერტები მნიშვნელოვანი იქნება როგორც კულტურული წინსვლისთვის, ასევე საზოგადოების გემოვნების დახვეწაში.
"ყოველ პარასკევს ფილარმონიის დიდ დარბაზში საუკეთესო დასები წარდგებიან. ეს, ერთი მხრივ, კარგია ჩვენი საზოგადოების გემოვნების დახვეწაში და ასევე ტურისტული ნაკადის ინტერესის დასაკმაყოფილებად. ამ პროექტს სახელმწიფოდან დამატებითი ბიუჯეტი არ აქვს, რადგან ხელოვანების მიერ გამართული კონცერტიდან შემოსულ თანხაც საკმარისი იქნება", - განაცხადა რურუამ.
შეგახსენებთ, რომ ეს არის საპილოტო კონცერტები, რომლის წარმატების შემთხვევაში პროექტი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს.
კონცერტებში მონაწილეობას მიიღებენ სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლები: "რუსთავი", "ერისიონი", ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები", ასევე, ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის საბალეტო დასი ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით, ფოლკლორის ეროვნული ცენტრი ახალი პროგრამით, ანსამბლები: "მართვე", "ქართული ხმები", ნიაზ დიასამიძე და 33ა და "ზუმბალენდი".