საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებების 4 ოქტომბრის რაუნდზე კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, რომ რუსული მხარე და ცხინვალის და სოხუმის მარიონეტული რეჟიმები არ აპირებენ სერიოზულად განიხილონ უსაფრთხოებასთან და სტაბილურობასთან, და დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. განცხადების თანახმად, რუსეთის უკიდურესად პოლიტიზირებული პოზიციის გამო, შეუძლებელი ხდება პროგრესის მიღწევა არა მხოლოდ ჟენევის მოლაპარაკებების დღის წესრიგში არსებულ ფუნდამენტურ საკითხებზე, არამედ ჰუმანიტარული ხასიათის თემებზეც.
"რუსეთის ფედერაცია კვლავ უარს აცხადებს აიღოს საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულება არ გამოიყენოს ძალა საქართველოს წინააღმდეგ. მოსკოვის მიერ ისევ იქნა გახმაურებული აბსურდული იდეა, რომ რუსეთი მზად არის იყოს რეგიონში მშვიდობის და ძალის არ-გამოყენების გარანტი. ამ იდეით მოსკოვი ცდილობს წარმოჩინოს თავი როგორც მშვიდობის გარანტი და არა კონფლიქტის მხარე, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შელახვასა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების და პრინციპების, ასევე 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების უხეშ დარღვევაზე. საგულისხმოა, რომ რუსეთის ყველა მცდელობა ხაზი გაუსვას თავისი, როგორც მედიატორის და მშვიდობისმყოფელის სტატუსს და აირიდოს დამოკიდებულება როგორც კონფლიქტის მხარისადმი წარუმატებლად სრულდება. ამასთან დაკავშირებით ცალსახა პოზიცია აქვს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ თანათავჯდომარეების და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებს", - ნათქვამია განცხადებაში.
ვაშაძის უწყების ინფორმაციით, საქართველოს წარმომადგენლებმა პირველი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე კვლავ მოითხოვეს რუსეთის მხრიდან, რომ მოსკოვმა ითანამშრომლოს საქართველოსთან ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სპეციალური სამსახურების მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტების გამოძიებასთან დაკავშირებით.
"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მხარეს გადაეცა აუცილებელი დოკუმენტაცია, ოფიციალური პასუხი რუსეთის მხრისგან ქართული მხარის მოთხოვნაზე ჯერ არ მიგვიღია. პირველ სამუშაო ჯგუფში განხილული იქნა კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც ხელს შეუწყობს უსაფრთხოების საერთაშორისო რეჟიმის დამკვიდრებას ოკუპირებულ რეგიონებში. საქართველო იზიარებს თანათავმჯდომარეების მიდგომას, რომ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში უსაფრთხოების და სტაბილურობის დამკვიდრება უნდა მოხდეს თანდათანობით, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის გზით. ამასთან, უსაფრთხოების და სტაბილურობის საბოლოოდ დამკვიდრება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც მოხდება 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების სრული შესრულება, რუსეთის საოკუპაციო ძალების გასვლა საქართველოს ტერიტორიიდან და საერთაშორისო სამშვიდობო და საპოლიციო ძალების განლაგება ოკუპირებულ რეგიონებში", - აღნიშნულია განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თანათავმჯდომარეების მიერ ასევე შემოთავაზებული იქნა კონკრეტული იდეები ომით და ხელოვნურად შექმნილი გამყოფი ხაზებით გახლეჩილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის ზომებთან დაკავშირებით.
"ნდობის აღდგენის ზომებზე 3 ოქტომბერს ასევე გაიმართა საინფორმაციო სესია, სადაც ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდეს იქ მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე რუსეთის ფედერაცია და მისი მარიონეტული რეჟიმები არ აღმოჩნდნენ მზად მხარი დაეჭირათ ამ იდეებისთვის.
შემაშფოთებელია, რომ მეორე სამუშაო ჯგუფში მოსკოვი და მისი მარიონეტული რეჟიმები უარს აცხადებენ განიხილონ დევნილების და იძულებით გადაადგილებული პირების უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. თანათავმჯდომარეების და ქართული მხარის ყველა მცდელობა დისკუსია წარიმართოს დაბრუნების პრინციპების შეთანხმების, ან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის მიმართულებით, ჩიხში შედის მოსკოვის, სოხუმის და ცხინვალის ხისტი პოზიციის გამო. მეჩვიდმეტე რაუნდის დროს ქართული მხარის, თანათავმჯდომარეების და აშშ-ის წარმომადგენლების მიერ ცალსახად აღინიშნა, რომ შეშფოთებას იწვევს ადგილობრივი მაცხოვრებლების ადმინისტრაციული საზრვრის გადაკვეთის გამო უკანონოდ დაკავების და გასამართლების ფაქტები. ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმს ამჟამად დაკავებული ჰყავს 16 ადამიანი, რომელთა უპირობო გათავისუფლება დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს. საქართველო კვლავ მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას ყურადღება მიაქციოს ამ ადამიანების ბედს და განაგრძოს ამ საკითხის დაყენება ოფიციალურ მოსკოვთან", - აღნიშნულია განცხადებაში.
ჟენევის მოლაპარაკებების მეთვრამეტე რაუნდი გაიმართება 2011 წლის 14 დეკემბერს.