თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ქართული თეატრების სპექტაკლებს ევროპის და აზიის ქვეყნებიდან სპეციალურად ჩამოსული, 53 უცხოელი სტუმარი ესწრებოდა. „ჯი-ეიჩ-ენთან" საერთაშორისო კრიტიკოსთა ასოციაციის წევრი, აკიკო ტაჩიკის თქმით თეატრალური ფესტივალის პროგრამის ფარგლებში ყველაზე მეტად იაპონელი დრამატურგის სპექტაკლების ნახვა გაუხარდა.
„თეატრალურ ფესტივალზე განსაკუთრებით ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო იაპონური დრამატურგიის ნახვა ქართულ სცენაზე, იმიტომ რომ მე ტოკიოდან ვარ და ორი სპექტაკლი ვნახე, რომელიც იაპონელი დრამატურგის იყო და ჩემთვის რაღაც აღმოჩენებიც გავაკეთე. პირველი ლევან წულაძის „ჟოლო" ვნახე, რომელიც ჩემ სამშობლოში მაქვს ნანახი და მას 2 მამაკაცი თამაშობს. აქ კი ქალი და კაცია, რაც ჩემთვის რაღაც სასიამოვნო სიახლე იყო. რეჟისორის გადაწყვეტილება და ის რომ მაყურებელი მონაწილე ხდება ეს უკვე კარგი სიახლეა", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს"აკიკო ტაჩიკიმ.
თბილისის თეატრალური ფესტივალის ორგანიზატორის თქმით, ის რომ თეატრებმა სეზონის გახსნა ფესტივალს დაუმთხვიეს უცხოელი სტუმრების დამსახურებაცაა.
„თეატრის სეზონი სექტემბრის ბოლოს ოქტომბრის დასაწყისში იხსნება და ფესტივალიც ამ დროს არის. რომლის ფარგლებში ძალიან ბევრი უცხოელი შემფასებელი და კრიტიკოსი ჩამოდის, რაც დამატებით ინტერესს და ხალისს აძლევს ფესტივალს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თეატრები ამ ფესტივალის ფარგლებში ხსნიან სეზონს, რომელსაც უცხოელი 53 სტუმარი აქტიურად ესწრებოდა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალი 14 სექტემბერს გაიხსნა და 8 ოქტომბერს დასრულდება.