„მე გადავწყვიტე შევქმნა პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მივიღო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში", - ამონარიდი ბიძინა ივანიშვილის განცხადებიდან "ქართუ ჯგუფის" პრესსამსახურმა გაავრცელა.
"ეს გახლავთ ამონარიდი ბიძინა ივანიშვილის განცხადებიდან, რომლის მთლიან ტექსტს გაეცნობით ორი დღის შემდეგ, 7 ოქტომბერს", - ნათქვაია განცხადებაში.
ბიძინა ივანიშვილი საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში დაიბადა. მამა „ჭიათურმარგანეცის" კომბინატში მეშახტედ მუშაობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ის თბილისში ჩამოვიდა და სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. პარალელურად მუშაობდა კამოს სახელობის „ჩარხმშენებელ" ქარხანაში მუშად. წარჩინებით დაამთავრა უნივერსიტეტი და იმავე ქარხანაში განაგრძო მუშაობა, ჯერ უფროსი ინჟინრის, ხოლო შემდეგ ლაბორატორიის უფროსის თანამდებობაზე. 1982 წელს გაემგზავრა მოსკოვში, ჩააბარა ასპირანტურაში და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „მეცნიერული ორგანიზაცია და შრომის ეკონომიკა". სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, რთული ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე, გადაწყვიტა ბიზნესით დაკავებულიყო და არმინირებული შლანგების წარმოება დაეწყო. იმ დროისთვის ეს საქონელი დეფიციტს წარმოადგენდა. დაარეგისტრირა კოოპერატივი და კამოს სახელობის ქარხანაში შენობა იჯარით აიღო - საღამოობით თვითონ ჩარხავდა ხელსაწყოებს, მაგრამ საქმე შლანგების გამოშვებამდე არ მივიდა - ივანიშვილმა გეზი შეიცვალა და „მომავლის" საქონლით, კომპიუტერებით ვაჭრობა დაიწყო. პირველი დამკვეთი საქართველოს მეცნიერებათა აკადემია იყო. ივანიშვილის ამ დაკვეთის შედეგად კოოპერატივის ანგარიშზე სოლიდური თანხა დაგროვდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ამ თანხით დაინტერესდა პროკურატურა და მოახდინა მისი ანგარიშების ბლოკირება. ამ სამწუხარო მოვლენების შემდგომ ივანიშვილმა 1988 წელს დატოვა საქართველო და საქმიანობა განაგრძო მოსკოვში. როდესაც ბატონი ბიძინა რუსეთში ჩავიდა, დაუკავშირდა თავის ძველ ნაცნობს, ვიტალი მალკინს, რომელიც იმ დროისთვის უკვე მცირე ბიზნეს-საქმიანობას ეწეოდა. ივანიშვილმა მას უფრო ორგანიზებული და წარმატებული საქმე შესათავაზა -კომპიუტერებით ვაჭრობა. ხოლო მალკინს თავის მხრივ ჰყავდა მეგობრები სარკინიგზო ინსტიტუტიდან - დოცენტი სერგეი მოსინი და ალექსანდრე ბრიანცევი. ისინი აშენებდნენ სათბურებს ნარო- ფომინსკში, ჰქონდათ კოოპერატივი „აგროპროგრესი". იმისათვის, რომ დრო უქმად არ დაეკარგათ ახალი კოოპერატივის რეგისტრირებაზე, დაიწყეს კომპიუტერებით ვაჭრობა უკვე არსებული კოოპერატივის მეშვეობით. საქმე ფაქტიურად, მიზერიდან დაიწყეს, ბატონმა ბიძინამ და მისმა პარტნიორებმა დაიქირავეს ერთი ოთახი სამოთახიან ბინაში, მეხუთე სართულზე - ეს მათი ოფისიც იყო და საწყობიც. ბიზნესი ჩქარი ტემპებით ვითარდებოდა, გასაყიდი საქონლის ასორტიმენტი უფრო მრავალფეროვანი გახადეს: კომპიუტერებთან ერთად ქსეროქსის აპარატებითა და ტელეფონებით ვაჭრობდნენ. იმ დროისთვის მოსკოვი სავსე იყო უცხოელებით, რომლებიც სხვადასხვანაირი საქონლის ფართო სპექტრს სთავაზობდნენ მყიდველს, მაგრამ, მათთან პარტნიორობა ბატონ ბიძინას არამიზანშეწონილად მიაჩნდა. აქედან გამომდინარე, სერიოზული პარტნიორების მოძიება საზღვარგარეთ გადაწყვიტეს. ივანიშვილი და მისი თანაგუნდელები პარიზში გაემგზავრნენ, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიათა გამოფენა იმართებოდა. იქ გაიცნეს ჰონგ-კონგური ფირმის წარმომადგენლები. ისინი მალევე ჰონგ-კონგში ჩავიდნენ და გააფორმეს მათი პირველი სერიოზული ფართომასშტაბიანი კონტრაქტი. საქმე უფრო შორსაც წავიდა: შეისყიდეს რა იქ ტელეფონებისა და მაგნიტოფონების დამამზადებელი ფაბრიკა, ივანიშვილის ფირმამ 1990 წლისთვის რუსეთში ელექტრო-ტექნიკით მოვაჭრე ერთ-ერთი მოწინავე ფირმის სახელი მოიხვეჭა. და ასე, ბანკი „როსკრედიტის" დარეგიტრირებისთვის მათ უკვე ჰქონდათ ანგარიშზე 100000-120000$. იმ დროისთვის ზემოთ აღნიშნული თანხით, რამდენიმე ბანკის გახსნა შეიძლებოდა. საკმარისად ჩათვალა რა თავისი კაპიტალი, ბრიანცევმა უარი თქვა ახალ საქმეზე და გააგრძელა სათბურების შენება. ივანიშვილმა, მალკინმა და მოსინმა ერთნაირი წილები აიღეს ბანკში, ყოველივე მათგანს 33% ერგო. შემდგომში ივანიშვილმა გამოისყიდა მოსინის წილი. ამრიგად, ბატონი ბიძინა იყო 67%-ის, ხოლო მალკინი 33%-ის მფლობელი. „როსკრედიტმა" მოწინავე პოზიციები რუსულ საბანკო ბიზნესში მალე მოიპოვა. მისი პირველი ოფისი საბავშვო ბაღის შენობაში იყო განთავსებული, ხოლო მომსახურება 24 საათიანი. ისინი იყვნენ პირველები ნაღდი ანგარიშსწორებით ვალუტის გაყიდვის მოცულობაში. ივანიშვილის გადაწყვეტილებით გეზი აიღეს საფილიალო ქსელის ჩამოყალიბებაზე. ამისათვის ორი პრობლემის გადაჭრა იყო საჭირო: უნდა ეპოვათ სათანადო შენობები და კადრები. ბატონმა ბიძინამ გადაწყვიტა მიემართა შემდგომი ხერხისთვის: „როსკრედიტის" წარმომადგენლები მიდიოდნენ საწარმოებისა და ინსტიტუტების დირექტორებთან, სთავაზობდნენ მათ გამოეყოთ სათანადო შენობები ბანკში 2% საანაბრო წილის სანაცვლოდ. ეს სვლა სწორად გათვლილი და წარმატებული გამოდგა. შეიქმნა ძლიერი და გამართული საბანკო ქსელი. ივანიშვილმა დაარსა რუსეთში პირველი საბანკო კოლეჯი, რომელშიც ლექციებს თავიდან თვითონვე კითხულობდა, მაგრამ 1998 წლის დეფოლტის გამოცხადების შედეგად „როსკრედიტისთვის" კრიზისული მომენტი დადგა. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა თვით მისი არსებობაც - რამეთუ დეფოლტის გამოცხადების მიზეზით ასიათასობით აქციონერი მოაწყდა ბანკს თანხების გასატანად, ხოლო, „როსკრედიტი" სხვა ბანკებისგან განსხვავებით პატიოსნად გასცემდა თანხებს. როდესაც $180 მლნ გაცემის შედეგად აბსოლუტურად უსახსროდ დარჩა, ივანიშვილმა მიმართა ცენტრალური ბანკის მმართველს - სერგეი დუბინინს. შეახსენა მას პირობა კრედიტის თაობაზე, მაგრამ უარი მიიღო. სიტუაცია სასწრაფო გადაწყვეტილებას მოითხოვდა - ან „როსკრედიტი" უნდა გამოცხადებულიყო ბანკროტად, ან ჩატარებულიყო მისი სრული დამოუკიდებელი რესტრუქტურიზაცია. ბატონმა ბიძინამ არჩევანი რესტრუქტურიზაციაზე შეაჩერა, თუმცა, აქციონერის პოზიციიდან ამ ნაბიჯს ივანიშვილისთვის დიდი აზრი არ ჰქონდა, რამეთუ გასაგები იყო, რომ რესტრუქტურიზებული ბანკის საბაზრო ფასი ძალიან დაბალი იქნებოდა, მის აქტივებს და პასივებს შორის სხვაობა იმ დროისთვის $1 მლრდ იყო. თუ ბანკი გაკოტრდებოდა, მისი რიგითი აქციონერების უმრავლესობა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდებოდა. თავისი ცხოვრებისეული პრინციპებიდან გამომდინარე, ივანიშვილმა არ დაუშვა „როსკრედიტის" ბანკროტად გამოცხადება და გადაწყვიტა ბანკის გადასარჩენად ჩაედო საბანკო აქტივების გარდა მის მფლობელობაში მყოფი $1 მლრდ „როსკრედიტის" ვალების გასასტუმრებლად. ბიზნესმენთა დიდმა ნაწილმა ივანიშვილის ეს ნაბიჯი თვითმკვლელობად შეაფასა. მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა, „როსკრედიტი" გადარჩა და მსოფლიო პრაქტიკაში ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც კერძო კომპანიამ დაფარა სახელმწიფოს შეცდომების შედეგად წარმოშობილი ვალები. ამავე წლებში უძრავი ქონებისა და საწარმოო აქტივების მართვის მიზნით ივანიშვილმა დააარსა ჰოლდინგ-კომპანია „მეტალოინვესტი". 2004 წელს მართვის ფუნქციები გადაეცა „უნიკორს". ამასთან ერთად, 2002 წელს შექმნა სააფთიაქო ქსელი „ექიმი სტოლეტოვი". მთლიანობაში ივანიშვილის მფლობელობაშია: „რუსული კრედიტისა" და იმპეკსბანკის აქციათა 67%. კომპანია „ინტერფინდ ტრეიდის" და მმართველობითი კომპანია „უნიკორის" 100%, „უნიკორის" მმართველობის ქვეშ მყოფი თითქმის ყველა საწარმოს 100%. ესენია: „სტოილენსკის ნივა", „ტიაჟმეხპრესი", „რტი-კაუჩუკი" რადიოტექნიკური ნაწარმის ურალის ქარხანა, „ერკაფარმა", სადაზღვევო კომპანია „რკ-გარანტი", სასტუმრო „მინსკი" და „Центральная", სატრანსპორტო კომპანია „წიაღისეულის გადაზიდვის ცენტრი" და 28,5% აღმოსავლეთ-ციმბირის ნავთობისა და გაზის კომპანიის აქციებისა. რუსეთშიც და დასავლეთშიც ყველა აღიარებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ძლიერი ეკონომისტ-ფინანსისტი და კარგი სტრატეგი, საუცხოო ხელმძღვანელი და ორგანიზატორია, ყოველთვის თავად არჩევს თავის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციების მმართველ კადრებს, მკაცრია მართვაში და ძალზე მომთხოვნი იმათ მიმართ, ვინც მასზე დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად არ ასრულებს. ბიძინა თავად არის ყველა იდეის გენერატორი და აუცილებლად ბოლომდე მიჰყავს ისინი. მისდამი დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში ბიძინას მკაცრად აქვს განსაზღვრული შრომის განაწილების პრინციპები, რაც მას საშუალებას აძლევს, კარგად აკონტროლოს კონკრეტული პირების, პირველ რიგში, ხელმძღვანელების მოქმედება. გარე კავშირებს ბიძინა ივანიშვილი უმეტესად იმ ადამიანების მეშვეობით ამყარებს, ვინც დიდი ავტორიტეტით სარგებლობს ხელისუფლების წარმომადგენლებში და ბიზნესის სამყაროში. დღესდღეისობით ივანიშვილი საქართველოში ცხოვრობს, თავის მშობლიურ სოფელ ჭორვილაში. იგი დიდი ხანი არ არის, რაც დაბრუნდა, მაგრამ ბიზნეს-საქმიანობას აქ უკვე 10 წელია ეწევა. მას ეკუთვნის ბანკი „ქართუ", სამშენებლო კომპანია, სოფლის მეურნეობის კომპანია - ფლობს 600 ჰა მიწას, აქედან 300 ჰექტარზე ვენახი გააშენეს. ასევე საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის მარანი. ის ახორციელებს სათხილამურო კომპლექსის „ბაკურიანი- 2"-ის მშენებლობას.