"საჩივარი № 2. დღეს, ბათუმის თეატრის საფესტივალო სპეკტაკლია, მაგრამ ჩემი მოწაფის გოგა თავაძის დეკორაციები მიამსხვრიეს და არლეკინი გაღუნეს, დინამიკები დააზიანეს", - ეს ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ რეჟისორმა, რობერტ სტურუამ საკუთარ სოციალურ ქსელ facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა.
ამ ინფორმაციის გადამოწმება "ჯი-ეიჩ-ენმა" რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელობასთან სცადა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენისთვის" გახდა ცნობილი არანაირ დივერსიას ადგილი არ ჰქონდა.
"მხოლო და მხოლოდ ტექნიკური მიზეზების გამო შეიძლება გადაიდოს სპექტაკლი. არანაირ დივერსიას ადგილი არ ჰქონდა, უბრალოდ ფარდის აწევის დროს მას დეკორაციებიც აჰყვა, რამაც დაზიანება გამოიწვია", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" რუსთაველის თეატრის მარკეტინგის მენეჯერმა ანდრო კლებანსკიმ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ბათუმის თეატრი ახალი სპექტაკლით მონაწილეობას თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული "Show Case" პროგრამაში იღებდა.
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი რუსთაველის თეატრში სპექტაკლი - მატეი ვიშნეკის "გვესაჭიროება მოხუცი კლოუნი" უნდა წარადგინოს. თუმცა, როგორც თეატრში აცხადებენ დღეს სპექტაკლი ტექნიკური პრობლემების გამო შეიძლება გადაიდოს.
რეჟისორ გოგა თავაძის სპექტაკლში სამი მსახიობი თამაშობს, რომლებიც მოხუცი კლოუნების ისტორიას გვიამბობს. ბათუმის თეატრის მსახიობებს მამუკა მანჯგალაძეს და ტიტე კომახიძეს პარტნიორობას ამ როლისთვის სპეციალურად მოწვეული მსახიობი რამაზ იოსელიანი უწევდა.
აღსანიშნავია, რომ ეს არის ამ დრამატურგის პირველი ნაწარმოები, რომელიც ქართულ სცენაზე პირველად სწორედ ბათუმში დაიდგა.