საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ეროვნული გვარდიის ახალი შენობის გახსნისას განაცხადა, რომ საქართველოს არავითარი ილუზია არა აქვს და მან კარგად იცის, რომ მის წინააღმდეგ ომი წარმოებს. თუმცა პრეზიდენტმა იქვე დასძინა, რომ კარგად უნდა იცოდეს მტერმა რომ საქართველო არც არაფრის დათმობას არ აპირებს და თავისუფლებას არ შეელევა.
"საქართველოს მიმართ ომი წარმოებს, ჩვენი მისამართით ყოველდღიურად ისმის მუქარა. მაგრამ მიუხედავად ამისა ილუზია მტერსაც არ უნდა ჰქონდეს", _ აცხადებს მიხეიოლ სააკაშვილი და დასძენს, რომ საქართველოს თავისუფლებაზე ხელს ვერაფერი ვერ ააღებინებს.
"სანამ თითოეული ჩვენგანი ცოცხალია არასოდეს არაფერს არ დავთმობთ. როგორი პროპაგანდაც არ უნდა წარმოებდეს, როგორი მანევრებიც არ უნდა ეწყობოდეს ჩვენს საზღვართან, რა მუქარაც არ უნდა ისმოდეს და როგორი მოღალატეების არ უნდა გამოჩნდნენ. ნამდვილი ქართველი ხალხი საქართველოს დაიცავს. ვერანაირი ღალატი, ყველაზე უფრო ზნედაცემული გამყიდველობა ყველაზე, უფრო დიდი მტრის ყველაზე უფრო თავზეხელაღებული განხორციელებული ქმედება, ჩვენ ჩვენს თავისუფლებაზე ხელს ვერ აგვაღებინებს", _განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.