დღეს, 29 სექტემბერს, 12:20 საათზე, მედიაკავშირ "ობიექტივის" სტუდიაში (კაკაბაძეების №2), საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ლალხორი" პრესკონფერენციას მართავს. პრესკონფერენციის თემაა -"სვანეთის სიწმიდეები ეკლესიაში უნდა გადავიდეს".
სიტყვა ლალხორი სვანურად ნიშნავს შესაკრებ ადგილს, მსჯელობასა და გადაწყვეტილების მიღებას.
"როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის განკარგულებით, მესამე თვეა ანგრევენ სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობას, სადაც დაუნჯებულია სვანეთის ეკლესიებში ათეული საუკუნეების განმავლობაში დაცული სიწმიდეები (ჭედური და ფერწერული ხატები, ხბოს ტყავზე დაწერილი სახარებები, არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ექსპონატები). უპირველესად, ეს არის ქართველი ერის ისტორია და სულიერი საზრდო", აცხადებს "ლალხორის" თავმჯდომარე, მირონ ფირცხელანი.
"ლალხორის წარმომადგენელთა განცხადებით, სვანეთის მოსახლეობა და საქართველოს მართლმადიდებელი საზოგადოება, უკიდურესად აღაშფოთა მუზეუმის ნგრევით გამოწვეულმა ფაქტმა და იქ არსებული უნიკალური და ფერწერული ხატების, ოთხთავების და მრავალათასიანი არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და სხვა ადგილობრივი მოსახლეობის ყოფითი ისტორიისთვის დამახასიათებელი ნივთების ფაქტობრივად, ქუჩაში გამოყრამ და ღია ცის ქვეშ, ხელოვნურად შეკოწიწებულ, ეგრეთ წოდებულ კონტეინერებში ჩამწყვდევამ.
საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ლალხორი" (რომელიც ზემო, ქვემო და აფხაზეთ-სვანეთის მოსახლეობის წარმომადგენლების მიერ არის დაარსებული), მიმართავს საქართველოს მოსახლეობას, განსაკუთრებით საპატრიარქოს და საქართველოს მუზეუმების გაერთიანების დირექტორს, დავით ლორთქიფანიძეს, რომ მოხდეს შეთანხმება, რაც გულისხმობს არსებული საგანძურის ეკლესიაში, კერძოდ, მესტიის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გადაბრძანებას.
"წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია მოსახლეობასა და მუზეუმის ადმინისტრაციას შორის მუდმივი დაპირისპირება, რაც გულისხმობს სასამართლოში სარჩელის შეტანას და შემდგომ ვითარების გართულებას. სვანეთმა, ერთადერთმა კუთხემ, ქართველ ერს დღედმე შეუნარჩუნა აღნიშნული სიწმიდეები. არა გვაქვს უფლება, ვიღაცის ახირებული მოსაზრების გამო, ჩვენი სიწმიდეები საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს", - აცხადებს ფირცხელანი.