"საქართველოს ლეიბორისტული პარტია" 27 სექტემბერს აფხაზი ხალხისადმი სპეციალურ მიმართვას გააკეთებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის საერთაშორისო მდივანმა ნესტან კირთაძემ განუცხადა.
"ქართულმა საზოგადოებამ და და ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა იფიქრონ ურთიერთობის განახლებაზე. 27 სექტემბრისთვის კიდევ ერთ განსაკუთრებულ მიმართვას ვამზადებთ აფხაზი ხალხისადმი და აფხაზური საზოგადოებისადმი. ეს ინიციატივები სხვადასხვა დროს გაიგზავნა ევროკავშირში, ბრიუსელში, ევროპის საგარეო ურთიერთობათა მიმართულების ხელმძღვანელ კეტრინ ეშტონთან, ჰილარი კლინტონთან და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან. ჩვენი ინიციატივით, ვეცდებით მთელი საერთაშორისო საზოგადოება ჩავაყენოთ საქმის კურსში, რომ ქართული პოლიტიკური გონის სურვილია არაღიარების, მაგრამ თანამშრომლობის ფორმატის ბაზაზე დაიწყოს ორმხრივი მოლაპარაკებები. მე აქ დახარჯული ძალისხმევა უფრო მიმაჩნია სწორად. წამოვიდნენ ახალი თაობები, რომლებიც ერთმანეთისთვის უცხონი არიან და ჩვენი სურვილია, ეს გაუცხოება იმდენად დიდხანს არ გაგრძელდეს, რომ შემდეგ ერთმანეთთან დაახლოების თეორიული შანსიც კი აღარ დარჩეს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" კირთაძემ.
მისი თქმით, ურთიერთობების ჰუმანიტარულ დონეზე დაწყების პირველი პოლიტიკური მცდელობა სწორედ "ლეიბორისტებს" ეკუთვნით.
"27 სექტემბრის ახლებურად გააზრება, ყოველგვარი ყალბი თავმდაბლობის გარეშე მინდა გითხრათ, რომ დაიწყო თქვენმა რესპოდენტმა საქართველოს ლეიბორისტული პარტიის სახელით ჯერ კიდევ ორი წლის წინ, როდესაც ამ დღეს ზუსტად, გაკეთდა მიმართვა აფხაზი ხალხისადმი და ეს იყო პირველი პოლიტიკური მცდელობა, დაწყებულიყო ორმხრივი ურთიერთობები ჰუმანიტარულ დონეზე. ჩვენ კონკრეტულ გეგმას ვგულისხმობდით და რა თქმა უნდა ეს დღის წესრიგიდან არ მოხსნილა, რომ საქართველოში გაიხსნას აფხაზური სახლი, გაიხსნას ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრი, რომელიც ამ ორმხრივ ურთიერთობებს ხელს შეუწყობს. დაიწყოს დიალოგი სხვადასხვა სოციალურ ჯგუფთან, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან", - აღნიშნა კირთაძემ.