ბათუმის იუსტიციის სახლში დღეს გამოფენა „ძველი და თანამედროვე ბათუმი" გაიხსნა, სადაც XIX-XX-XXI საუკუნეებში გადაღებული ბათუმის ხედებია წარმოდგენილი.
ღონისძიება ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა, ფოტოხელოვანმა გურამ წიბახაშვილმა და აჭარის მთავრობის საარქივო სამმართველოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცინცქილაძემ გახსნეს.
პროექტის ავტორი საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული არქივი და აჭარის საარქივო სამმართველოა.
"ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ძველი ბათუმის უნიკალური ფოტოები, რომელთა ნაწილი ცნობილი ფოტოგრაფის დიმიტრი ერმაკოვის კოლექციიდანაა. ამ ფოტოკადრების თანამედროვე ანალოგები აჭარის დედაქალაქში ფოტოხელოვანმა გურამ წიბახაშვილმა გადაიღო. გამოფენა კარგად გვიჩვენებს იმ ცვლილებებს, რომელიც ბათუმის არქიტექტურამ საუკუნის განმავლობაში განიცადა", - აღნიშნა თეონა იაშვილმა.
გურამ წიბახაშვილი: "იუსტიციის სამინისტროს ამ პროექტზე მუშაობა ჩემთვის საინტერესო იყო. დასაწყისში რთული მეჩვენებოდა ძველ კადრებზე ასახული ადგილების მოძიება, თუმცა ამაში ბათუმელები დამეხმარნენ. ექსპონატებს შორის არის ის თანამედროვე ფოტოები, რომელსაც ძველი ანალოგი არ მოეპოვება, თუმცა 10 წლის შემდეგ ის უკვე ისტორიად იქცევა".
გამოფენაზე, ფოტოებთან ერთად, წარმოდგენილი იყო ფრაგმენტები დოკუმენტური კინოფილმებიდან: „დღე ბათუმში" (1936 წელი) და „მზიური აჭარა" (1958 წელი).
ბათუმის იუსტიციის სახლში გამოფენა ერთ კვირას გასტანს.