25 სექტემბერს ესპანელი კინორეჟისორის, პედრო ალმოდოვარის დაბადებიდან 62 წელი სრულდება. პედრო ალმოდოვარ კაბალიერო 1949 წლის 24 სექტემბერს ესპანეთში, კალსადა დე კალატრავაში, კასტილ-ლა-მანჩას პროვინციაში დაიბადა. 1980-იან წლებში პირველი ფილმის გადაღების შემდეგ დღემდე მას უკვე 30-მდე ფილმი აქვს შექმნილი. მისი ფილმები აგებულია ადამიანურ ურთიერთობებზე, რომელიც ვითარდება წარმოუდგენელ გარემოებებში, დამახასიათებელი მწვავე მელოდრამითა და განზრახ ხაზგასმული "კიჩით". ამერიკის კინოაკადემიის ოსკარის მფლობელი.
ალმოდოვარი რვა წლის ასაკში მშობლებთან ერთად კასერესში (ესტრემადურა), გადავიდა საცხოვრებლად. საშუალო განათლება სალესიელ მამათა სკოლაში მიიღო, ხოლო საუნივერსიტეტო გამოცდები ფრანცისკანელი ძმების სკოლაში ჩააბარა. თექვსმეტი წლის ასაკში მადრიდში გადავიდა, სადაც თორმეტი წელი მრავალი სამსახური გამოიცვალა, სანამ საბოლოოდ სატელეკომუნიკაციო კომპანია "ტელეფონიკაში" დაფუძნდებოდა. ამავე დროს გახდა თეატრალური ჯგუფის "Los Goliardos" წევრი, სადაც მცირე როლებს ასრულებდა და პირველად შეხვდა კარმენ მაურას. აქვე დაიწყო მცირე მოთხრობების წერა, რომლებიც ლიტერატურულ ჟურნალებში იბეჭდებოდა.
1980 წელს გადაიღო სრულმეტრაჟიანი ფილმი "პეპი, ლუსი, ბომი და სხვა მსგავსი გოგონები". ამ პროექტს დასაბამი მისცა ალმადოვარის ფოტონოველამ "ხშირი ერექციები" , რომელიც ჟურნალ "El Víbora"-ს შეკვეთით შექმნა. ფილმი მაშინვე გახდა პოპულარული დამოუკიდებელ წრეებში და კინოთეატრთა ქსელ "ალფავილის" მნახველთა შორის, სადაც ის ღამის სეანსებზე გადიოდა თითქმის ოთხი წლის განმავლობაში.
ალმადოვარს პირველი მსოფლიო წარმატება მოუტანა ფილმმა "რატომ დავიმსახურე ეს?" გაზეთი "ნიუ-იორკ ტაიმსი" მასზე ასე წერდა: "ეს შესანიშნავი შავი კომედიაა, უბრალოდ პატარა შედევრია!" 1985 წელს პედრომ ძმასთან, აგუსტინ ალმადოვართან ერთად შექმნა საპროდიუსერო კომპანია "El Deseo", რომლის პირველი გამოშვება გახდა 1986 წლის ფილმი "სურვილის კანონი". ალმადოვარს პირველი მნიშვნელოვანი აღიარება მოუტანა ფილმმა "ქალები ნერვული კრიზისის ზღვარზე". ფილმმა ორმოცდაათამდე ეროვნული პრემია მიიღო და ამერიკული კინოაკადემიის ოსკარზედაც იყო წარდგენილი.
1999 წელს ალმადოვარმა გადაიღო ფილმო "ყველაფერი დედაჩემის შესახებ" , რომელმაც მრავალ ეროვნულ პრემიასთან ერთად მოიპოვა ოსკარი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი წარმატების შემდეგ უკეთესი ფილმის გადაღება ყველასთვის წარმოუდგენელი იყო, რეჟისორმა 2002 წელს გადაიღო "ესაუბრე მას", რომელმაც უფრო მეტი საერთაშორისო პრემია და "ოსკარიც" მიიღო საუკეთესო სცენარისთვის.
ალმადოვარის მსოფლიო ტრიუმფს დაემთხვა ესპანეთის კინოაკადემიასთან ურთიერთობების გამწვავება, რომელმაც არ წამოაყენა მისი ფილმი ("ესაუბრე მას") ოსკარზე "საუკეთესო უცხოური ფილმისთვის". 2005 წელს, ალმადოვარის შემდეგმა ფილმმა "ცუდი აღზრდა" ესპანეთის "გოიას" არც ერთი პრემია არ მიიღო, რის შემდეგაც მან ძმასთან ერთად გამოაცხადა აკადემიიდან გამოსვლის შესახებ, კენჭისყრის სისტემასთან უთანხმოების საბაბით.
ალმოდოვარის ბოლოსწინა ფილმი "შეწყვეტილი ამბორი" გამოვიდა (2009 წ.) რეჟისორის ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ფილმია. კინოფილმში ირღვევა ტრადიცია და მთავარი გმირი არის მამაკაცი, რომელმაც ავტოკატასტროფის შედეგად დაკარგა თვალის ჩინი და შეწყვიტა სარეჟისორო მუშაობა. "ფილმი ფილმში" მეთოდი კი კიდევ უფრო ართულებს ფილმის სტრუქტურას და უფრო მეტ ყურადღებას ითხოვს მაყურებლისგან.