რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რობერტ სტურუას "Et Cetera"-ს თეატრში რუსთაველის თეატრის დასის წევრებიც თან მიჰყავს, მსახიობები გაზვიადებულს უწოდებენ. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" რეჟისორის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მსახიობმა ია სუხიტაშვილმა განუცხადა, ამ საკითხზე სტურუას მათთან არ უსაუბრია.
"საიდან მოაქვთ ასეთი ამბები, მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველის თეატრში მთელი დღე ერთად ვართ, ბატონ რობიკოს ჩვენთვის არაფერი უთქვამს. ამასთან დაკავშირებით არც ვსაუბრობთ. ვემზადებით პრემიერისთვის", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" სუხიტაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი 133-ე სეზონს რობერტ სტურუას სპექტაკლ "ნადირობის სეზონით" გახსნის. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თეატრის პრესცენტრში განუცხადეს, მიუხედავად ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისა, თეატრი სეზონს 23 სექტემბერს სტურუას სპექტაკლით გახსნის.