ვახტანგ კიკაბიძე 14 ოქტომბერს ფილარმონიაში სოლოკონცერტს გამართავს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" არტისტის პროდიუსერმა, სოსო აბზიანიძემ განუცხადა, მომღერალმა ამისთვის კინოროლებზედაც უარი თქვა.
"ემზადება სოლოკონცერტისთვის, რომელიც საქართველოში 14 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს. შემდეგ უკვე მივემგზავრებით ჩეხეთში, სადაც სამი კონცერტი უნდა გამართოს, მინსკში კი სოლოგამოსვლა ექნება. ბუბას მთელი ევროპა ითხოვს, ამიტომ ის სოლოკონცერტს საქართველოდან დაიწყებს და ევროპაში დაასრულებს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" აბზიანიძემ.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულში ბუბა კიკაბიძემ რეჟისორ რეზო გიგინეიშვილის ფილმში ნანი ბრეგვაძესთან ერთად ითამაშა. აბზიანიძის ცნობით, მას კიდევ რამდენიმე ფილმში გადაღებებს სთავაზობენ, თუმცა კიკაბიძე მხოლოდ სოლოკონცერტების მომზადებაზეა გადართული.
"ძალიან ბევრი კინოროლი შესთავაზეს, თუმცა ყველაზე ჯერჯერობით უარს ამბობს. იმიტომ, რომ გრანდიოზული სოლოკონცერტები აქვს დაგეგმილი, რასაც დიდი დრო და ენერგია ჭირდება", - აცხადებს აბზიანიძე.
კიკაბიძის სოლოკონცერტამდე ავლაბრის მოედანზე ვალიკოსა და რუბიკას ძეგლი გაიხსნება ("კინოფილმ "მიმინოდან"), რომლის ავტორი ზურაბ წერეთელია. უკვდავი ფილმის პერსონაჟების მონუმენტი ამჟამად შეფუთულია. იგი საზეიმო ვითარებაში 14 ოქტომბერს გაიხსნება.