კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი დღეს, თურქეთის ქალაქ სამსუნის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლ "ამორძალებს" თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში უმასპინძლებს.
აღსანიშნავია, რომ თურქული დასის ქორეოგრაფიულ სპექტაკლ "ამორძალების" ლიბრეტოს ავტორები ნუგზარ და მედეა მაღალაშვილები არიან.
"ამორძალები" თბილისში 1988 წელს ვახტანგ კახიძემ დადგა. გადავწყვიტეთ დავკაშირებოდით მას, რადგან სწორედ სამსუნი იყო ამორძალების ქალაქი ანტიკურ პერიოდში. ლეგენდა ამორძალებზე ძალიან მრავალფეროვანია და განსხვავებული ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა როგორც ლიბრეტოს, ასევე დადგმის შემთხვევაში",- განაცხადა სპექტაკლის რეჟისორმა და ქორეოგრაფმა ნუგზარ მაღალაშვილმა.
მუსიკა კომპოზიტორ ვახტანგ კახიძეს ეკუთვნის. სპექტაკლი 90 წუთიანია და თურქ მოცეკვავეებთან ერთად, დავით ხოზაშვილიც მონაწილეობს.
ცნობისთვის, სამსუნის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრი 2009 წელს დაარსდა. ის მეექვსე ოპერისა და ბალეტის თეატრია თურქეთში და პირველი შავი ზღვის რეგიონის ამ ნაწილში. გახსნის დღიდან შემოქმედებითმა ჯგუფმა 60 სპექტაკლი დადგა.