ხვალ, 22 სექტემბერს, ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასი სეზონს ორი ერთმოქმედებიანი ბალეტის პრემიერით გახსნის.
ესტონელმა ქორეოგრაფმა ტეეტ კასკმა ქართველი კლასიკოსის ოთარ ჭილაძის პოემის - "სინათლის წელიწადის" მოტივებზე ერთმოქმედებიანი ბალეტი - "უფრთოდ ფრენა წყვდიადში" დადგა. სპექტაკლში გამოყენებულია ღმრთისმშობლის საგალობელი და ესტონელი კომპოზიტორის ერკი-სვენ ტუურის ნაწარმოები "Dedication".
აღსანიშნავია, რომ მიხეილ ფოკინის ერთმოქმედებიანი ბალეტი "შოპენიანა" (ფრედერიკ შოპენის ნაწარმოებებზე) ნინო ანანიაშვილმა დადგა.
მესამე მოქმედებაში მაყურებელი ნახავს იური პოსიხოვის გახმაურებულ ბალეტს ქართულ მელოდიებზე - "საგალობელი".
სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ ნინო ანანიაშვილი, თეატრის წამყვანი მოცეკვავეები და საბალეტო დასი.
სეზონის გახსნა ა. გრიბოედოვის სახელობის რუსულ დარამატულ თეატრში გაიმართება. დასაწყისი 19.00 საათზე.
სპექტაკლის დაწყების წინ, ტრადიციულად, საბალეტო სეზონს გახსნის ქართული ბალეტის მეგობართა საზოგადოება, რომლის მმართველობითი საბჭოს ახალი თავჯდომარეები არიან სარა ვილიამსონ-ჭირაქაძე და მიშელ დანნი.
ვ. ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის მოსწავლეებს გადაეცემათ სახელობითი სტიპენდიები.