21 სექტემბრიდან პანკისის ხეობის მაცხოვრებლები საპროტესტო აქციების გამართვას თბილისში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აპირებენ. ხეობის მოსახლეობა პატიმრობიდან შორენა ხანგოშვილის გათავისუფლებას ითხოვს.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ დუისში მცხოვრებმა პედაგოგმა ნესტან მუთოშვილმა განუცხადა, აქციაში მონაწილეობას პანკისის ხეობის საჯარო სკოლების მასწავლებლებიც მიიღებენ. „მარტო დუისი კი არა, პანკისის ხეობის ყველა სოფლიდან ჩავალთ თბილისში და აქციებს გავმართავთ. მთლიანად ქისტებს მოგვაყენეს შეურაცხყოფა. ლაფი გადაგვასხეს შორენას დაკავებით. ყველანაირად ვიბრძოლებთ შორენას გადასარჩენად, რომ ციხეში არ დარჩეს", - აღნიშნა ნესტან მუთოშვილმა.
ყოფილი ჟურნალისტი და ამჟამად ინგლისური ენის მასწავლებელი შორენა ხანგოშვილი სოდ-ის თანამშრომლებმა 16 სექტემბერს, ახმეტაში, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ შორენა (ასმათ) ხანგოშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, შორენა ხანგოშვილს ბრალად ედება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გაგზავნა ან გასაღება). დანაშაული შვიდიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.