„ქრისტიან-დემოკრატებმა" თელავში რთველის მონიტორინგის ალტერნატიული შტაბი შექმნეს. გიორგი თარგამაძე, ლევან ვეფხვაძე, გიორგი ახვლედიანი, ნიკოლოზ ლალიაშვილი და თელავის შუალედური საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკო ლაშხი მეღვინეებსა და გლეხებს შეხვდნენ.
„რამდენიმე დღის წინ პარლამენტში ვთქვი, რომ ქვეყანაში არ არსებობს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. სამწუხაროდ, იგივეს გამეორება მიწევს დღესაც. ასეთ პირობებში ჩვენი ამოცანაა ალტერნატიული შტაბის მეშვეობით უზრნველვყოთ რთველის გამჭვირვალობა და შეზღდული სუბსიდირების სამართლიანად განაწილება. არანაკლებ მნიშვნელოვანი ამოცანაა, პროცესზე დაკვირვების შედეგად მივიღოთ სრული სურათი, რაც საშუალებას მოგვცემს შევიმუშავოთ სოფლის მეურნეობის, ამ შემთხვევაში მევენახეობის განვითარების გრძელვადიანი და სრულყოფილი გეგმა" - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
ალტერნატიული შტაბის წევრებთან შეხვედრის შემდეგ პარტიის ლიდერებმა ვენახში გადაინაცვლეს, სადაც გლეხების პრობლემებს დაწვრილებით გაეცნენ.