ქართულმა ბიზნესმა ქართული მინერალური წყლისა და ღვინის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების სურვილი, საქმით უნდა დაამტკიცოს, მიიჩნევს რუსეთის მთავარი სანიტარი გენადი ონიშენკო.
მისი თქმით, ქართული ბიზნესი რუსეთის ბაზარზე დასაბრუნებლად სიტყვით მზადყოფნას აცხადებს, თუმცა ამ დრომდე ტექნიკური პროცედურები არ გაუვლია, რომელიც აუცილებელია რუსეთის ბაზარზე დასაბრუნებლად.
"ჩვენთან მოლაპარაკებას უკვე სამი კომპანია ცდილობს. რომელიც თავს ექსკლუზიურ მომწოდებლებს უწოდებენ. ორის წარმომადგენლებს ჩვენ უკვე შევხვდით და მათ ის პროცედურები შევახსენეთ რაც რუსეთის ბაზარზე დასავბრუნებლადაა საჭირო",- აღნიშნა ონიშენკომ ქართული მინერალური წყლების რუსეთის ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებით გამართული კონსულტაციების შესახებ და დასძინა, რომ ჯერჯერობით საპასუხო ნაბიჯები ტექნიკური დოკუმენტაციის გადაცემის მხრივ არ გადადგმულა.
მან ასევე აღნიშნა, იგივე სიტუაციაა შექმნილი რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის დაბრუნების საკითხშიც - „ქართული ბიზნესის წარმომადგენლები განცხადებების იქით არ მიდიან".
მისივე თქმით, ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს უნდა ესმოდეთ, რომ რუსეთი ი ბორჯომისა და ქართულ ღვინის გარეშე გაძლებს, „მნიშვნელოვანი მოთხოვნა და საჭიროება არ არსებობს".