ნიკარაგუას - 130 ავტობუსი და 1 ვერტმფრენი. ვენესუელას - რუსეთთან კონტრაქტები ენერგეტიკისა და იარაღის მიწოდების სფეროებში და რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის სარგებელი. ნაურუს - 50 მილიონი დოლარი. ყოველივე ეს მოყვანილია ინტერნეტგვერდ "WikiLeaks"-ის მიერ ამერიკელი დიპლომატების იმ დეპეშებეში, რომლებიც საქართველოს მიერ თავისი ოკუპირებული რეგიონების "არაღიარების" პოლიტიკას ეხება.
"WikiLeaks"-ის გამოქვეყნებულ მასალებში კარგად ჩანს აშშ-ს მიერ გაწეული ძალისხმევა მაშინ, როდესაც ლათინული ამერიკის ქვეყნებმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების სურვილი გამოთქვეს.
მაგალითად, 2010 წლის იანვარში აშშ-მ გაიგო, რომ ეკვადორი სეპარატისტული რეგიონების აღიარების შესაძლებლობას არ გამორიცხავდა. ამერიკელებმა დაუყოვნებლივ მიმართეს ჩილეს, პერუსა და არგენტინის მთავრობის წევრებს, იმისათვის რათა მათ ეკვადორზე გავლენა მოეხდინათ. შედეგად, მალევე ეკვადორმა თავის განზრახვაზე უარი თქვა.
გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ნათლად ჩანს, რომ ქვეყნებმა რომლებმაც საქართველოს ორივე სეპარატისტული რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარეს ეს მოსკოვის ზეწოლითა და გარკვეული "ქველმოქმედების" გაწევის შემდეგ გააკეთეს. კერძოდ, ნიკარაგუამ რომელმაც რუსეთს პირველმა "მიბაძა" აღიარების სანაცვლოდ მოსკოვიდან 130 ავტობუსი და ორტეგასათვის ერთი ვერტმფრენი მიიღო.
"რუსეთმა "ქველმოქმედების სახით" მანაგუას 130 ავტობუსი და პრეზიდენტ ორტეგას ტრანსპორტირებისათვის ერთი ვერტმფრენი გამოყო", _ ნათქვამია დოკუმენტებში.
ვენესუელამ აღიარების სანაცვლოდ რუსეთთან ენერგეტიკისა და იარაღის მიწოდების სფეროებში რამდენიმე კონტრაქტი გააფორმა და ამით რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარი "იშოვა".
ყველაზე "კომედიურს" ამერიკელი დიპლომატები საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარებას - ნაურუს მხრიდან უწოდებენ. ამ აღიარებით ნაურუმ შოკში არა მხოლოდ ამერიკელები ჩააგდო, არამედ მისი მთავარი პარტნიორი - ავსტრალია.
აღიარების სანაცვლოდ ნაურუმ რუსეთისგან 50 მილიონი აშშ დოლარი მიიღო.
დოკუმენტებში მოყვანილია კომენტარი, რომელიც რეინტეგრაციის მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა მაშინ გააკეთა: "ალბათ, იქ წინასაშობაო ფასდაკლება იყო და რუსებმა შეძლეს აღიარების სულ რაღაც 50 მილიონ დოლარად ყიდვა. მიმაჩნია, რომ სერიოზულად თუ შევხედავთ ამას ეს უფრო კომედიას მაგონებს... ეს არაფერს ცვლის საერთაშორისო პოლიტიკაში და თუ ვინმე ბედნიერია იმით, რომ ნაურუ - რომლის შესახებაც ორი დღის წინ არავინ არაფერი იცოდა ნიკარაგუასა და ვენესუელას შეუერთდა, იყოს ბედნიერი. მიმაჩნია, რომ ეს სინამდვილეში არაფერს შეცვლის".
დოკუმენტებიდან ასევე ირკვევა, რომ ყველაზე მეტად საქართველო ბელორუსის მხრიდან "აღიარებას" უფრთხოდა და შიშობდა, რომ ამას შესაძლოა დსთ-ს ქვეყნებს შორის "ჯაჭვური რეაქცია" გამოეწვია - საფრთხის შემცველ ნუსხაში მოხდა ყველა - უკრაინის, მოლდოვისა და აზერბაიჯანის გარდა.
საქართველოს პრეზიდენტი აცხადებდა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ალექსანდრე ლუკაშენკოსა და ვლადიმერ პუტინს შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა და მოუწოდებდა აშშ-ს დაეინტერესებინა ბელორუსი ახალი პროექტებით.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგა ბოკერიას თქმით, მინსკზე ზეწოლა ხორციელდებოდა, მაგრამ ლუკაშენკო აცნობიერებდა, რომ მოსკოვური "ჰონორარი" ერთჯერადი იქნებოდა და შესაძლო დანაკარგების საპიწონედ ვერ გამოდგებოდა.
საქართველო ბელორუსის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამიდან გამორიცხვა მოითხვა, იმ შემთხვევაში თუ ის გარისკავდა და სეპარატისტულ რეგიონებს აღიარებდა. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ასეთი სცენარი სავსებით რეალური იყო, მით უფრო, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო აპირებდა პროგრამიდან გასვლას. შედეგად ბელურუსმა აღიარების საკითხი "უკეთესი დროისათვის" გადადო.
მასალის გამოყენების პირობები