დღეს, 18 სექტემბერს, ნიქოზის ანიმაციური ფილმების პირველი საერთაშორისო ფესტივალი იხურება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ფესტივალი ნიქოზის ხელოვნების სკოლის ინიციატივით, ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის მიტროპოლიტის ისაიას (ჭანტურია) ლოცვა-კურთხევით და შიდა ქართლის გუბერნატორის მხარდაჭერით გაიმართა.
ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ აშშ-ს, პოლონეთის, ბელორუსიის და რუსეთის დელეგაციები. ფესტივალის ფარგლებში მოეწყო რუსი, პოლონელი, ბელორუსი და ქართველი ანიმატორების მიერ გადაღებული ანიმაციური ფილმების ჩვენება, გაიმართა შეხვედრა ქართველ და უცხოელ ანიმატორებს შორის. ფესტივალის დღეებში პროფესიონალმა ანიმატორებმა ნიქოზის ანიმაციის სტუდიის ბავშვებისთვის მასტერკლასები ჩაატარეს. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა კულტურული ღონისძიებებიც, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ანჩისხატის მგალობელთა გუნდი, გორის ქალთა კამერული გუნდი, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ,,გორი" და ,,ჩრდილების თეატრი". მოეწყო ალიასკის ქალაქ კოდიაკის სასულიერო აკადემიის გუნდის სოლო კონცერტიც. აშშ-ს 40 კაციანი დელეგაცია კოდიაკის სასულიერო აკადემიის რექტორის, მამა პაისის ხელმძღვანელობით საქართველოში 1 თვეს დარჩება და ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებს.
"ცხინვალის მოსაზღვრე სოფელში ასეთი ღონისძიების ჩატარება ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის და განსაკუთრებით ბავშვების განათლებას და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას. მათ იმედი აქვთ რომ ფესტივალი ტრადიციული და უფრო მასშტაბური გახდება", - აცხადებენ ფესტივალის ორგანიზატორები.