"შერატონ მეტეხი პალასში" პოეტ ნატო ინგოროყვას წიგნის "ხმელები და ნედლები" პრეზენტაცია გაიმართა. კრებული გამომცემლობა "დიოგენემ" გამოსცა.
როგორც ნატო ინგოროყვამ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განაცხადა, ეს მისი მეორე პოეტური კრებულია. პირველი წიგნი, სათაურით - "... და სახლობს ჩემში პოეტი ევა" - 2005 წელს გამოსცა.
"ხმელები და ნედლები" - ეს არის ერთ ყუთში შეფუთული ორი პატარა წიგნი. ერთში შესულია ჩემი "ნედლი" ლექსები, მეორეში - "ხმელი". ამ წიგნზე 9 წელი ვმუშაობდი. მინდოდა, მკითხველისთვის განსხვავებულად მეთქვა სათქმელი, რომელიც ამ ხნის განმავლობაში დამიგროვდა, - განაცხადა ინგოროყვამ.
საღამოზე მომღერალი ნინო ქათამაძეც იმყოფებოდა, რომელმაც მეგობარს წიგნის პრეზენტაცია სიმღერით მიულოცა.
"მე ბენდიერი ვარ, რომ ნატო ინგოროყვა ჩემი მეგობარია, იმიტომ რომ თანამედროვე ცხოვრებაში ასეთი კარგი და სუფთა ადამიანი ძალიან ცოტაა", - აღნიშნა მომღერალმა, ნინო ქათამაძემ.
ცნობისთვის, ნატო ინგოროყვას ეკუთვნის ავსრიელი პოეტის, რაინერ მარია რილკეს პოეზიის თარგმანიც, რომელიც 2007 წელს წიგნად გამოსცა.
ინგოროყვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ჟურნალ "მასწავლებლის" მთავარი რედაქტორია.