"ნაციონალურ ტურში ქართული სიმღერა რომ შემესრულებინა, უფრო მაღალ ქულებს ავიღებდი", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ბათუმში საერთაშორისო კონკურსის "golden talent 2011"-ის ქართველმა მონაწილემ სალომე ქათამაძემ.
"ძალიან მინდოდა, ქართული სიმღერა "ციცინათელა" შემესრულებინა. გენერალურმა პროდიუსერმა მითხრა, რომ ეს პოპ-მუსიკის ფორმატის კონკურსი იყო, სადაც ეს სიმღერა ვერ ჩაჯდებოდა. რის შემდეგაც, გადავწყვიტეთ ინგლისურენოვანი სიმღერა, თუმცა ვფიქრობ პოპ-მუსიკა ქართულენოვანიც შეიძლებოდა შეგვერჩია. დარწმუნებული ვარ, ქართული სიმღერით უფრო კარგად წარმოვადგენდი საქართველოს. ორგანიზატორები ძალიან მომთხოვნი და პრეტენზიულები იყვნენ. მათ მიმაღებინეს გადაწყვეტილება. არაფერში მეხმარებოდნენ, მუსიკის მომზადებაშიც მეგობრები დამეხმარნენ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ქათამაძემ.
კონკურსში მონაწილეებს ჰიმნი კახა კუხიანიძემ მოამზადებინა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კუხიანიძემ განუცხადა, სალომეს ნაციონალურ სიმღერის შერჩევა გენერალური პროდუსერის თხოვნით შეიცვალა.
"როგორც ვიცი, "ციცინათელა" ფორმატში არ ჩაჯდა და ამიტომ ამოიღეს. რაც შეეხება სალომეს, გეტყვით, ის ძალიან კარგი მომღერალია, მაგრამ ღამე ადრე რომ დაეძინა და თავისთვის მოევლო, უკეთესად წარდგებოდა მეორე ტურში", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას კუხიანიძემ.
ორგანიზატორი ეკა ჩიტაიშვილი კონკურსის ხარვეზებზე საუბრობს.
"იყო რაღაც ხარვეზები, მაგრამ ყველაფერს გავითვალისწინებთ. სალომესთვის ეს კონკურსი დიდი გაკვეთილია. ის ყველას ძალიან მოეწონა", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" ჩიტაიშვილმა.