დღეს, 25 დეკემბერს პარალმენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. ამის შესახებ გადაწყვეტილება 22 დეკემბერს ბიუროს სხდომაზე მიიღეს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, კანონის თანახმად, მან პრეზიდენტს უკვე მიმართა წერილობითი ფორმით რიგგარეშე სესიის დანიშვნასთან დაკავშირებით, რაზედაც თანხმობა უკვე არსებობს. ასევე განსაზღვრულია სესიის დღის წესრიგი და პარასკევის რიგგარეშე სესიაზე მოხდება ორი უმთავრესი საკითხის განხილვა.
პირველი ეხება საარჩევნო კოდექსის მესამე მოსმენით მიღებას და ასევე საარჩევნო კოდექსიდან გამომდინარე თბილისის შესახებ და ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონებში ცვლილების შეტანას.
მეორე საკითხი შეხება ე.წ. ეკონომიკური თავისუფლების აქტს, რომელიც კონსტიტუციაში გარკვეული ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.
მთავარი ცვლილება ეხება გადასახადების გაზრდის რეფერენდუმის გზით გადაწყვეტის საკითხს.
აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო ცვლილების განხილვისათვის საჭირო ერთთვიანი ვადა უკვე დასრულებულია.
როგორც სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი აცხადებს, აღნიშნულთან დაკავშირებით რეკომენდაციები გათვალისწინებულია და შესაბამისად პარლამენტი პარასკევს აღნიშნულ საკითხს პირველი მოსმენით განიხილავს. გარდა ამისა, გათვალისწინებულია მთელი რიგი კანონპროექტების მესამე მოსმენით განხილვა, რათა მიღებული საკითხები ძალაში შევიდეს.