ქრისტიან-დემოკრატები დღეიდან ყველა მუნიციპალიტეტთან გამართავენ აქციას და ადგილობრივ თვითმმართველობებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოსთხოვენ პენსიონერებისთვის 10 ლარის დამატებას. ამის შესახებ განცხადება ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ და მაგდა ანიკაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს.
როგორც ანიკაშვილმა აღნიშნა, მათთვის მისასალმებელია თბილისის მერის დღევანდელი განცხადება, რომ 2010 წლის მარტიდან 10 ლარით გაიზრდება ინვალიდების პენსიები. მაგრამ აღნიშნავენ, რომ პრობლემად რჩება რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობა და ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელებს მოუწოდებენ მიჰბაძონ თბილისის მერს და იგივე გააკეთონ მათაც ადგილობრივი ბიუჯეტებიდან.
ვეფხვაძის თქმით, ამ მოთხოვნით ქრისტიან-დემოკრატების ადგილობრივი ორგანიზაციები ყველა მუნიციპალიტეტთან გამართავენ აქციებს და ადგილობრივ ხელისუფლებას მოსთხოვენ პენსიების 10 ლარით გაზრდას ადგილობრივი ბიუჯეტებიდან.