თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიიპ ერდოღანი აცხადებს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში თურქეთი ისრაელთან ომისათვის მზადაა, თუმცა აღნიშნავს, რომ მისი ქვეყანა "ისრაელთან სამხედრო კონფრონტაციისაკენ არ ისწრაფვის". პრემიერი დასძენს, რომ "თურქეთის ფლოტი მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარებისათვის მზადაა, მათ შორის ყველაზე უარესი სცენარისთვისაც".
აღნიშნული განცხადებები თურქეთის პრემიერმა დღეს ეგვიპტურ გაზეთ "აშ-შურუკთან" საუბარში გააკეთა. ერდოღანი ამ დღეებში ვიზიტით ეგვიპტეში იმყოფება.
"ყველაფერი რაც ჩვენ ვთქვით არის ის, რომ სამხედრო გემები საერთაშორისო წყლებში თურქეთის გემებს იერიშენისგან დაიცავენ", _ განაცხადა ერდოღანმა და აღნიშნა: "ეს ჩვენი კანონიერი უფლებაა და ამის უარყოფა არავის შეუძლია. ამ განცხადებამ გააბრაზა ისრაელი, იმიტომ, რომ მას ახლო აღმოსავლეთში საერთაშორისო წყლებში თავისი კონტროლის შენარჩუნება სურს".
ამასთან ერთად, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა გააკრიტიკა პალმერის ანგარიში, რომელიც გაეროს ეგიდის ქვეშ მომზადდა და რომელმაც დაადგინა, რომ ისრაელის მიერ ღაზას სექტორს ბლოკადა არის კანონიერი.
"ეს ანგარიში არაფრად არ ღირს და იგი არაობიექტურმა წყარომ გამოაქვეყნა. ისრაელი მიეჩვია წყლიდან მშრარად ამოსვლას და თავის თავს კანონზე მაღლა მიიჩნევს. მას ჰგონია, რომ თავისუფალია პასუხისმგებლობისაგან ყველა ჩადენილი შეცდომისა და დანაშაულის გამო. ისრაელი გათამამებულ ბავშვს დაემსგავსა და მას უკვე აღარ აკმაყოფილებს სახელმწიფო ტერორიზმი, რომელსაც იგი პალესტინელების მიმართ იყენებს", _ განაცხადა თურქეთის პრემიერმა.
მისივე თქმით, "ისრაელმა უარი თქვა იმაზე, რომ დასავლეთიდან მომავალი გონების ხმისათვის დაეგდო ყური, რომელმაც მოუწოდა მას, რომ თურქეთისათვის მისი შვილების მკვლელობის გამო ბოდიში მოეხადა".
კითხვაზე პასუხის გაცემისას, მართალია, თუ არა ის, რომ ისრაელის სამხედრო ატაშემ უარი განაცხადა ანკარის დატოვებაზე, ერდოღანმა განაცხადა, რომ ეს სიმართლეა.
"მაგრამ ჩვენ მის გამგზავნებას დიპლომატიური გზით მოვამზადებთ, ვინაიდან დიპლომატიური მისიის დონის დაბლა დაწევა ასევე გულისხმობს სამხედრო ატაშეს გაწვევასაც", _ აცხადებს ერდოღანი.
თურქეთის პრემიერ მინისტრმა ასევე უარი განაცხადა ეთქვა, აქვს თუ არა მას უკვე დაგეგმილი მომავალი ზომები, რომლებიც ისრაელის წინააღმდეგ იქნება მიმართული.
"მოვლებისათვის გასწრება არ მინდა, იმიტომ, რომ ნებისმიერი ასეთი გეგმა ისრაელის რეაქციაზეა დამოკიდებული და იმაზე თუ რამდენად მზად არის ეს ქვეყანა მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელიც თურქეთის ღირსებას შეინარჩუნებს", _ აცხადებს პრემიერი და ხაზგასმით აღნიშნავს: "რაც შემიძლია მე ვთქვა არის ის, რომ ჩვენ გადამწყვეტად ვართ განწყობილნი იმისათვის, რომ ოთხი რამ შევასრულოთ: დავიცვათ თურქი ხალხის უფლება და ღირსება, ხელი შევუშალოთ ისრაელს მომავალშიც გააგრძელოს საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევა, განვახორციელოთ თურქეთის მოთხოვნები საერთაშორისო ტრიბუნალების ფარგლებში და ღაზას სექტორის ბლოკადას ბოლო მოვუღოთ", _ განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიიპ ერდოღანმა.