ერევანში სატელევიზიო ფესტივალ "მიმინოში" მონაწილე ქართველ მომღერლები საქართველოში დაბრუნდნენ. როგორც ფესტივალში მონაწილე რატი დურგლიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, მასპინძლებმა მათზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვეს.
"იმდენად დატვირთულები ვართ დადებითი ემოციებით, რომ რა გითხრათ - არ ვიცი. ძალიან სახალისო ფესტივალი იყო. მონაწილეები იმდენად კარგები იყვნენ, რომ ყველანი დავმეგობრდით. რაც შეეხება მასპინძლებს ისინი მინდა გამოვყო, ძალიან კარგი დახვედრა მოგვიწყვეს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" დურგლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქართველ კონკურსანტებს შორის ანრი ჯოხაძე და სოფო ხალვაშიც იყვნენ. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მომღერლებმა განუცხადეს, "ფესტივალი პოლიტიკური კურსისთვის მნიშვნელოვანია".
"ეს არის ორი ქვეყნის ერთობლივი პროექტი, რომელიც "მიმინოს" თემატიკაზეა აწყობილი. პოლიტიკურად ყოველთვის მნიშვნელოვანია მეზობელ ქვეყანასთან კარგი დამოკიდებულება, ეს ფესტივალი კი ამისთვისაა. საუკეთესო მომღერლები წამოვედით საქართველოდან და აქაც საუკეთესოები დაგვხვდნენ, რაც ძალიან სასიამოვნოა", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ერევნიდან ანრი ჯოხაძემ.
ჟიურის წევრებს შორის ბუბა კიკაბიძეც იყო, რომელმაც სატელევიზიო ფესტივალი სიმღერით გახსნა.