მიუხედავად იმისა, რომ გერმანია ან რომელიმე ქვეყანა შესაძლოა აწარმოებდეს ისეთ პოლიტიკას, რომელიც ზრდის მის დამოკიდებულებას რუსეთის ენერგორესურსებზე, ზოგადი ევროპული პოლიტიკა მიმართულია ენერგორესურსების დაბალანსებისკენ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ევროკავშირში საქართველოს ელჩმა სალომე სამადაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, "ჩრდილოეთ მილსადენის" პროექტი, რომლითაც რუსეთი გერმანიას უკრაინის გვერდის ავლით მოამარაგებს ბუნებრივი აირით, გერმანული პროექტია და მან ევროპაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
"ეს გერმანული პროექტია. ევროპაში აზრთა სხვადასხვაობა იყო ამ ფაქტთან დაკავშირებით. არიან სახელმწიფოები ევროკავშირში, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს გაზრდის ევროპის დამოკიდებულებას რუსულ გაზზე. გერმანიას მოგეხსენებათ, რომ მჭიდრო ეკონომიკური კავშირები აქვს რუსეთთან. მიიჩნიეს, რომ ეს პროექტი მათთვის არის მნიშვნელოვანი. მაგრამ, ამავე დროს, მნიშვნელოვანია ის, რომ ევროპა აწარმოებს მთელ რიგ მიმართულებებს ენერგოპოლიტიკის თვალსაზრისით. ევროკავშირი ცდილობს, დააბალანსოს რუსეთის სურვილი, რომ განამტკიცოს კონტროლი ევროპის ეკორესურსებზე. მაგალითად, შიდა ბაზრის რეფორმა პირდაპირ უპირისპირდება რუსეთის მოთხოვნებს ევროკავშირის ენერგობაზრის კონტროლის შესახებ. ასევე ნაბუკოს პროექტი, რომელიც ძალზე დიდი მხარდაჭერით სარგებლობს ევროკავშირში", - განაცხადა სამადაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენის" კითხვაზე - "ჩრდილოეთ მილსადენის პროექტის განხორციელების შემდეგ გაიზრდება თუ არა ევროპის დამოკიდებულება რუსეთზე".
მისი თქმით, ნაბუკოს პროექტს უფრო მეტი პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს, ვიდრე ეკონომიკური.
"ენერგორესურსებთან დაკავშირებით ყოველთვის არის ბევრი საუბარი, მაგრამ რეალურად ყოველთვის გაუგებარია, რა იქნება რეალიზებული. რაც შეეხება "სამხრეთის მილსადენს". არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს პროექტი რეალურად განხორციელდება", - აღნიშნა სამადაშვილმა.
ევროპა, კერძოდ კი გერმანია, "ჩრდილოეთ მილსადენის" საშუალებით ბუნებრივი აირით რამდენიმე მომარაგდება. ამ დროისთვის რუსეთიდან ევროკავშირის ქვეყნებში ბუნებრივი აირის 80 % უკრაინის გავლით გადის. პუტინის თქმით, ნორდ სტრიმის პროექტის ჩართვაში ისეთი მსხვილი იმპორტიორები არიან დაინტერესებულნი, როგორიცაა საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ჰოლანდია და დანია.
ნორდ სტრიმი ამჟამად საჭირო მარაგით ივსება, რის შემდეგ მოხდება მისი გაშვება. გერმანიაში პროექტის საზეიმო გახსნა ნოემბერში, მედვედევის დაგეგმილი ვიზიტის დროს მოხდება.
ნორდ სტრიმი ორი ტყუპი მილსადენისგან შედგება. პროექტი 12.5 მილიარდი ამერიკული დოლარი ჯდება. მილები ბალტიის ზღვის ქვეშ გადის და 1224 კილომეტრის სიგრძისაა. მეორე მილსადენის აშენების შემდეგ ნორდ სტრიმს წელიწადში 55 მილიარდი კუბი ბუნებრივი აირით შეეძლება მოამარაგოს ევროპა ყოველწლიურად. საუბარი მიმდინარეობს "სამხრეთ მილსადენის" მშენებლობაზედაც, რომელიც, სავარაუდოდ, 2015 წელს დასრულდება.