"არჩევნები აფხაზეთში - აუქციონი რუსეთისადმი ერთგულებაზე" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ლიტვური "Geopolitika". სტატიაში ნათქვამია, რომ მიმდინარე წლის 26 აგვისტოს სეპარატისტულ აფხაზეთში ჩატარებული არჩევნების შედეგები მოულოდნელი და გასაკვირი არავისთვის ყოფილა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ აფხაზეთის მრავალმა მოქალაქემ მათში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო, ვინაიდან ისინი "ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გამო იძულებულნი იყვნენ, საკუთარი სახლები მიეტოვებინათ".
"სეპარატისტული რესპუბლიკის მესამე პრეზიდენტი - იურისტი, რომელიც მხარს უჭერს რუსეთთან ურთიერთობებს, ებრძვის კორუფციას და სიხისტითა და პრესასთან ურთიერთობის სურვილის არქონით გამოირჩევა. 1992-1993 წწ იგი აფხაზეთის შს მინისტრი იყო, მილიციის პოლკოვნიკის წოდება მიიღო. ამის შემდეგ მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად და ბიზნესმენი გახდა. აფხაზეთში დაბრუნების შემდეგ ოპოზიციურ მოძრაობა "აიტაირას" ჩაუდგა სათავეში. მასზე ხუთჯერ განხოვრციელდა თავდასხმა, აქედან ორჯერ დაიჭრა. არც ერთი თავდასხმა დღემდე გახსნილი არ არის", _ ნათქვამია სტატიაში და იქვე აღნიშნულია, რომ ამჟამად აფხაზეთში არსებული სიტუაცია საბჭოური "პატრონაჟის" სისტემას ჰგავს: 2008 წლის ბოლოდან რუსეთი აფხაზეთის გარესამყაროსთან არსებულ ყველა კავშირს აკონტროლებს, რუსეთის მოქალაქეები კი აფხაზეთში უძრავ ქონებას ყიდულობენ.
ამასთან ერთად, "რუსეთი ბოლო სამი წლის განმავლობაში აფხაზეთში თავის სამხედრო ყოფნას აძლიერებს და ზრდის".