ქართული მხარის მიზანია აფხაზეთის ყველა ლეგიტიმურ სტრუქტურას დაეხმაროს და საერთაშორისო არენაზე არ მოხდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული დე-ფაქტო უწყებების დამკვიდრება.
ამის შესახებ განცხადება დღეს პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ შოთა მალაშხიამ გააკეთა.
როგორც მალაშხია აცხადებს, აუცილებელია, რომ ლეგიტიმური სტრუქტურები ჩართულნი იყვნენ აფხაზეთთან დაკავშირებით ყველა საკითხში, მათ შორის მთავრობის მიერ შემუშავებული სტრატეგიული დოკუმენტის განხილვაშიც.
სოხუმის უნივერსიტეტის რექტორმა ჯონი აფაქიძემ კი უნივერსიტეტში მიმდინარე პროგრამებზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, უნივერსიტეტში მუდმივად მიმდინარეობს სასწავლო პროგრამების განახლება და ამჟამად, სასწავლებელში 11 სადოქტორო პროგრამა ხორციელდება.
უნივერსიტეტის რექტორის ინფორმაციით, უნივერსიტეტი აფხაზურ-ქართულ ლექსიკონზე მუშაობს, რომელსაც უახლოეს მომავალში გამოსცემს.