დღეს, 9 სექტემბერს, 18:00 საათზე, ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ღია რეპეტიციას გამართავს რეჟისორი ალექსი ჯაყელი. ჯაყელი წლებია საფრანგეთში ცხოვრობს და ქალაქ ლა ბოლში თავის მიერვე დაარსებულ თეატრალურ კომპანია "პრესტო-ანდანტეს" ხელმძღვანელობს.
ზესტაფონის თეატრთან თანამშრომლობის ფარგლებში, რეჟისორი ოთხ ახალ დადგმას წარმოადგენს. საქართველოში განხორციელებული პრემიერების პარალელურად, მაყურებელს, ოქტომბრის ბოლოს, ალექსი ჯაყელის მიერ საფრანგეთში, უილიამ შექსპირის "მაკბეტის" მიხედვით გაცოცხლებული "მინდა!!!"-ს ნახვის საშუალებაც მიეცემა.
8 სექტემბერს გაიმართა ღია რეპეტიცია სპექტაკლისა "ოპუსი - 115" (მოლიერის "დონ ჟუანისა" და "ტარტიუფის" მიხედვით), რომლის პრემიერაც ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში 15, 16 და 17 სექტემბერსაა დაგეგმილი. დადგმის რეჟისორი, ქორეოგრაფი, მხატვარია და მუსიკალური გამფორმებელია ალექსი ჯაყელი, სპექტაკლში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი, ასევე მოწვეული მსახიობები: გვანცა დადიანიძე, სალომე წურწუმია, თაკო აბაშიძე, ზურა აბესაძე, ვახო ჩაჩანიძე, თემურ კიკნაველიძე, ბადრი ტაბატაძე, თემურ ქველიაშვილი.
სპექტაკლი ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორია თეატრალური კომპანია "პრესტო ანდანტე".
პროექტის განხორციელება ზესტაფონის თეატრის ხელმძღვანელებმა, ხათუნა ასათიანისა და მამუკა ცეცხლაძის ინიციატივაა. მათი აზრით, ახალი ინიციატივა ქალაქის ერთადერთი კულტურული კერის გამოცოცხლებას შეუწყობს ხელს. ამით ქართველ მაყურებელს საშუალება ეძლევა, გაეცნოს საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ხელოვანის გამოცდილებას და ზესტაფონის თეატრის შემოქმედებითი ჯგუფის შესაძლებლობებს.
ღია რეპეტიციაზე დასწრება თავისეუფალია.