პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი ბიუროს სხდომა პოლიტიკურ დებატებში გადაიზარდა. ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილმა სხდომაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე ჯონდი ბაღათურიას დანიშვნის საკითხი წამოწია და იმ "პრეცენდენტის" გამეორება მოითხოვა, რომლის მიხედვითაც, 2008 წლის დეკემბერში იმავე თანამდებობაზე პაატა დავითაია დაინიშნა.
"პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ვაკანტურ თამანდებობაზე ჯონდი ბაღათურიას კანდიდატურის განხილვაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 10 აგვისტოს უარი გვითხრა. ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით და ვფიქრობთ, რომ ის პრეცენდენტი, რომელიც იმავე თანამდებობაზე პაატა დავითაიას არჩევის დროს, 2008 წელს განხორციელდა, შეიძლებოდა ჩვენი ფრაქციის შემთხვევაზეც გავრცელებულიყო", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
მისი მტკიცებით, დავითაიას ვიცე-სპიკერის პოსტზე დანიშვნა "პოლიტიკური შეთანხმების" საფუძველზე მოხდა და ის რეგლამენტის სრული დაცვით არ განხორციელებულა.
" არც ფრაქცია "ძლიერი საქართველო" იყო საარჩევნო სუბიექტი, მაგრამ პარლამენტმა მის მიერ აღნიშნულ თანამდებობაზე წარდგენილი პაატა დავითაიას კანდიდატურა დაამტკიცა. ეს იყო პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარესა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებთან განხორციელდა და ეს იყო კარგი პრეცენდენტი. ამაში ცუდს ვერ ვხედავდი ვერც მაშინ და ვერ ვხედავ ვერც ახლა. რაც შეეხება ჩვენს ფრაქციას, ვერც ის იქნება საარჩევნო სუბიექტი, რადგან ფრაქცია, იქმნება არჩევნების შემდეგ, პარლამენტში. ამიტომ ვფიქრობ, ბაღათურიას შემთხვევაც არის დავითაიას შემთხვევის იდენტური", - განმარტა ცაგარეიშვილმა, რომლის თქმითაც, მისი ფრაქცია არავის "ეზიარება ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე და არც დავითაიას კანდიდატურის გამოწვევას ითხოვს, უბრალოდ, სურს, რომ ამ უკანასკნელის შემთხვევაში დაშვებული პრეცენდენტი ბაღათურიას შემთხვევაშიც განმეორდეს.
ცაგარეიშვილის განცხადებამ ბიუროს სხდომაზე დებატები გამოიწვია. მას სხდომის ხელმძღვანელი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი გამოეხმაურა და ოპოზიციონერი დეპუტატის იმ მოსაზრებას, რომ დავითაიას ბაქრაძის მოადგილედ დანიშვნა "პოლიტიკური შეთანხმების" საფუძველზე მოხდა, არ დაეთანხმა.
"არ უნდა წარმოჩინდეს ისე, რომ პაატა დავითაიას არჩევა მხოლოდ პოლიტიკური შეთანხმების შედეგი იყო. აქ არსებობდა საარჩევნო სუბიექტიც, იყო ფრაქციის წარდგინებაც და აბსოლუტურად ლეგიტიმური საფუძვლები არსებობდა იმისთვის, რომ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებულიყო. იმაზე საუბარი, რომ ეს იყო პრეცენდენტი და პოლიტიკური გადაწყვეტილება, სწორი არ არის", - განმარტა გიგი წერეთელმა.
ცაგარეიშვილს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე უპასუხეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა, ჩიორა თავართქილაძემ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით თოდრაძემ.
შეგახსენებთ, რომ ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" 15 ივლისს შეიქმნა.