რუსეთის ხელისუფლება კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის რეფორმირებას აპირებს. რეფორმირებული ორგანიზაციის უმნიშვნელოვანესი ამოცანა, ნატოსთან პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება იქნება. ორგანიზაცია, რომლის შემადგენლობაში შედიან რუსეთი, ბელორუსი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი და სომხეთი, ასევე აპირებს გარდაქმნას სამშვიდობო ძალებად, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე კონფლიქტების შემთხვევაში მშვიდობისმყოფელის მისიას შეასრულებს.
კომერსანტის ინფორმაციით, კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის რეფორმირების საკითხს პოლიტიკურ ფორუმზე, რომელიც იაროსლავში ხვალ, 7 სექტემბერს, გაიმართება რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი გააჟღერებს.
სავარაუდოდ, რეფორმირებას დაექვემდებარება ორგანიზაციის მიერ გადაწყვეტილების მიღების სისტემა - კონსესუსიდან, გადაწყვეტილების ხმების უმრავლესობით მიღებამდე. ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება უზბეკეთის პოზიციის იგნორირება, რომელიც ხელს უშლის ორგანიზაციის განვითარებას.
ასევე უმნიშვნელოვანესად არის მიჩნეული ორგანიზაციის თანამშრომლობის საკითხი ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან, კერძოდ საპასუხო რეაგირების ძალებთან.
რეფორმირების ინიციატორები მიიჩნევენ, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია უნდა გახდეს მთავარი სამშვიდობო ძალა, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში კონფლიქტების წარმოქმნის შემთხვევაში. ასევე, ორგანიზაციამ ადრეულ ეტაპზე უნდა განახორციელოს შესაძლო კონფლიქტების წარმოქმნის მონიტორინგი.
აღინიშნება, რომ ბოლო წლებში პოსტსაბჭოთა სივრცეში სიტუაცია გართულდა „ფერადი რევოლუციების" ფონზე, ასვე დიქტატორული რეჟიმების დამხობით ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში, მოსალოდნელია ვითარების გართულება ავღანეთში.
სავარაუდოდ, კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია შეეცდება „საკუთარი წვლილი" შეიტანოს კონფლიქტების დარეგულირების საკითხში და ისევე, როგორც გაერომ, მიიღოს მონაწილეობა სამშვიდობო ოპერაციებში.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ნატო უნდა მიესალმოს კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის რეფორმირებას და მომავალ თანამშრობლობას, განსაკუთრებით ავღანეთში არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით.