დიდი ბრიტანეთის მთავრობა მზადაა, უკრაინის მხარდასაჭერად გაყინული რუსული აქტივებიდან 8 მილიარდი ფუნტი სტერლინგი (10.6 მილიარდ დოლარზე მეტი) გადარიცხოს. ამის შესახებ The Times წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ბრიტანეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი საფრთხეს წარმოადგენს დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის.
გამოცემა ასევე წერს, რომ ეს თანხები დაფარავს უკრაინის ფინანსური საჭიროებების ორ მესამედზე მეტს მომდევნო ორი წლის განმავლობაში, როგორც რუსეთის წინააღმდეგ ომში თავდაცვის გასაგრძელებლად, ასევე სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში ქვეყნის აღდგენის დაფინანსებისთვის.
პუტინზე ზეწოლის გაზრდის საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთი ცდილობს ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან, მათ შორის კანადასთან, მოლაპარაკებას უკრაინის სამხედრო საჭიროებებისთვის 100 მილიარდ ფუნტ სტერლინგამდე თანხის გამოყოფის შესახებ.