როგორც "ბიბისი ნიუსი" ინდოეთის პროდიუსერული კომპანია "თეიქ ვან პროდაქშენსზე" დაყრდნობით იუწყება, ჯეიმს ბონდზე ახალი ფილმის ნაწილს ინდოეთში გადაიღებენ. ქვეყნის ხელისუფლებამ უკვე მისცა თანხმობა, ფილმი გადაიღონ მუმბაიში, დელისა და გოაში.
ეს აგენტ 007-ზე გადაღებული რიგით 23-ე ფილმი გახდება. ფილმი ჯერ უსათაუროა. რეჟისორია სემ მენდესი. მთავარ როლს კვლავ დენიელ კრეიგი შეასრულებს. მან ითამაშა ბონდის როლი წინა ორ ფილმში. ჯეიმს ბონდზე ახალი ფილმის გადაღება 2011 წლის დასასრულს უნდა დაიწყოს.
კიდევ ერთი ადგილი, სადაც იგეგმება ფილმის გადამღები ჯგუფის ვიზიტი, სამხრეთ აფრიკაა. ფილმი გაქირავებაში 2012 წლის ოქტომბერში უნდა გამოვიდეს.
ბონდის შესახებ შექმნილი ფილმებიდან ერთ-ერთი ინდოეთშია გადაღებული. საუბარია 1983 წელს გადაღებულ ფილმზე "რვაფეხა". ბონდის როლი როჯერ მურმა შეასრულა.