იუსტიციის სამინისტრომ სანდრო გირგვლიანი საქმის აღსრულებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
"2011 წლის 26 ივლისს ძალაში შევიდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განჩინება საქმეზე "ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ". აღნიშნულ საქმეში ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილისა და კონვენციის 38-ე მუხლის დარღვევა. ევროპულმა სასამართლომ არ გაიზიარა განმცხადებლის მოთხოვნა, რომელიც უკავშირდებოდა კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) არსებითი მხარის დარღვევას. სასამართლომ ასევე უარყო განმცხადებლის პრეტენზიები კონვენციის მე-3 (წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა), მე-6 (სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება) და მე-13 (უფლებათა დაცვის ეფექტიანი სამართლებრივი საშუალებების უფლება) მუხლების სავარაუდო დარღვევის შესახებ",- ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, განჩინების აღსრულების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ფარგლებში, სახელმწიფო ევროპული სასამართლოს მიერ განმცხადებლისათვის მიკუთვნებული თანხის გადახდას უზრუნველყოფს განჩინებით განსაზღვრულ 3 თვის ვადაში - 2011 წლის 26 ოქტომბრამდე და ამის შესახებ აცნობებს მინისტრთა კომიტეტს, რომელიც ზედამხედველობას უწევს აღსრულების პროცესს.
"იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპული კონვენციის 41-ე მუხლის შესაბამისად, ევროპულმა სასამართლომ განმცხადებელს მიანიჭა 50 000 ევრო მორალური ზიანის, ხოლო 388 ევრო მის მიერ გაწეული ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურების სახით. განჩინების აღსრულების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ფარგლებში, სახელმწიფო ევროპული სასამართლოს მიერ განმცხადებლისათვის მიკუთვნებული თანხის გადახდას უზრუნველყოფს განჩინებით განსაზღვრულ 3 თვის ვადაში - 2011 წლის 26 ოქტომბრამდე და ამის შესახებ აცნობებს მინისტრთა კომიტეტს, რომელიც ზედამხედველობას უწევს აღსრულების პროცესს. გარდა ამისა, აღსრულების პროცედურა ითვალისწინებს განჩინების ქართულ ენაზე თარგმნასა და ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მის გამოქვეყნებას. აღნიშნული ღონისძიების გატარება მოხდება განჩინების ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს 6 თვისა, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სახელმძღვანელო წესების მე-7 პუნქტის შესაბამისად", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს გირგვლიანის ოჯახის ადვოკატმა შალვა შავგულიძემ განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც, ის იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს მთავრობა, სახელმწიფოს ავტორიტეტზე ზრუნვის ინტერესიდან გამომდინარე, არ დაელოდება ევროპის
საბჭოს მინისტრთა კომიტეტისგან ისეთივე მითითებს, როგორიც გიორგი ღონღაძის საქმესთან დაკავშირებით იქნა გაკეთებული უკრაინის მიმართ და გონივრულ მოკლე ვადებში თავად მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას, როგორც ინდივიდუალურს, ისე ზოგადს, რათა უზრუნველყოფილი იქნას ენუქიძე-გირგვლიანის საქმეზე ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებაში დადგენილი დარღვევების შედეგების აღმოფხვრა.