სიღნაღის რაიონის სოფელ ანაგაში, თანამედროვე ქართული თეატრის ფუძემდებლის სანდრო ახმეტელის სახლ-მუზეუმი ინგრევა. რამდენიმე წელია სიძველისგან შენობის კედელი შუაზეა გახსნილი და მუზეუმში წყალი ჩადის. მთლიანად მორყეულია მეორე სართულზე ასასვლელი კიბეც.
„შენობის სიძველის გამო, კიბე, იატაკი და კარ-ფანჯარაც ძალიან დაზიანებულია და გამოცვლას საჭიროებს. მნიშვნელოვნად არის შემცირებული მუზეუმის დამთვალიერებლების რაოდენობაც. ჩვენი პრობლემა ადგილობრივი გამგეობისთვის ცნობილია და დახმარებას შეგვპირდნენ", - აღნიშნა სანდრო ახმეტელის სახლ - მუზეუმის დირექტორმა ლია ვარაზანაშვილმა.
სანდრო ახმეტელის მუზეუმი 1979 წლიდან ფუნქციონირებს. მუზეუმში დაცულია სანდრო ახმეტელის (1986-1937 წწ.) მემორიალური ნივთები, ყოფითი და ეთნოგრაფიული მასალა, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, რეჟისორის მიერ განხორციელებული სპექტაკლების მაკეტები, თეატრალური ესკიზები, ფოტო და დოკუმენტური მასალები.