კინო და ტელეოპერატორების მესამე საერთაშორისო ფესტივალი "ოქროს თვალი" 19-22 ოქტომბერს ბათუმში გაიმართება. ამასთან დაკავშირებით დღეს "პრაიმ-ტაიმის"-ის ოფისში ფესტივალის ორგანიზატორებმა ისაუბრეს.
"ეს ფესტივალი საგანმანათლებლო კუთხით გამოირჩევა. ჩვენთან ტექნიკის მწარმოებელის წარმომადგენლები ჩამოდიან. საქმე, რომელსაც ოპერატორები აკეთებენ ყოველთვის დუფასებელია და კადრს მიღმა რჩება. საინტერესოა, ამ ხალხის წარმოჩენა და გაცნობა", განაცხადა ფესტივალის ორგანიზატორმა ზურაბ გეგენავამ.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალზე სპეციალურ სტუმრებს შორის იქნებიან ფილმ "ავატარის" ერთ-ერთი ოპერატორი ჯონათან აბრამსი და აგრეთვე, კვენტინ ტარანტინოს ფილმის "ოთხი ოთახის" ოპერატორი.
შეგახსენებთ, რომ საკონკურსო ნამუშევრების წარმოდგენა შეუძლია, როგორც ინდივიდუალურ პირებს, ასევე ტელეკომპანიებს, სტუდიებს, შემოქმედებით გაერთიანებებსა და საავტორო ჯგუფებს.
ნამუშევრების მიღება მიმდინარეობს 1 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე. გამარჯვებულთა დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია 22 ოქტომბერს გაიმართება.
ნამუშევრები შეფასდება საერთაშორისო ჟიურის მიერ, რომლის ერთ-ერთ წევრსაც წარმოადგენს ტელეოპერატორების მსოფლიო ვიცე პრეზიდენტი. ჟიურის თავმჯდომარე ტრადიციულად საქართველოს წარმომადგენელი იქნება.