საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ მის მიერ ქსენოფობიური განცხადებების გამო სამსახურიდან დათხოვნილ, რუსთაველის თეატრის ყოფილ სამხატვრო ხელმძღვანელს, რობერტ სტურუას თეატრში საქმიანობის გაგრძელება, კერძოდ - სეზონზე ორი სპექტაკლის დადგმა და დიდი ჰონორარი შესთავაზა. ამის შესახებ რობერტ სტურუა სოციალურ ქსელ „ფეისბუკში" თავის გვერდზე წერს.
სტურუა აღნიშნავს, რომ მას მინისტრის წინადადება თეატრის „მმართველმა-მსახიობმა" გადასცა. აქვე სტურუა, „მმართველ-მსახიობს" მატყუარად მოიხსენიებს.
"მიჭირს ამის თქმა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ როგორც ყოველთვის, ჩვენი მმართველი-მსახიობი უნიჭოდ ტყუის... მინისტრის წინადადება გადმომცა: სეზონში 2 დადგმას მომცემენ, კარგ ჰონორარსაც გადამიხდიან...", - წერს სტურუა.
იქვე რეჟისორი აღნიშნავს, რომ ამას სთავაზობდნენ ადამიანს, რომელიც არის არაპროფესიონალი და ჭაობში ჩაუშვა რუსთაველის თეატრი.
„მაგრამ მე, ადამიანი, არაპროფესიონალი ჭაობში რომ ჩავუშვი რუსთაველის თეატრი... მოკლედ, ჩვენი საუბარი ჩემი წიგნების თეატრიდან სახლში გადაზიდვის ტექნოლოგიით დამთავრდა..." - წერს სტურუა.
შეგახსენებთ, რომ რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან მინისტრმა ნიკა რუსუამ „ქსენოფობიური" განცხადებების გამო გაათავისუფლა. ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ხელისუფლება არ უნდა აფინანსებდეს ადამიანს, რომელიც „ქსენოფონიურ" განცხადებებს აკეთებს. ასევე აღინიშნებოდა, რომ სტურუას შემოქმედებითი წინსვლა არ აქვს და ის „ახალს ვერაფერს ქმნის". თავად სტურუამ აღნიშნულზე განაცხადა, - „მე, არ ვარ ქსენოფობი!"