"Georgian Dream"-ი, საერთაშორისო ასპარეზზე პოტენციალის გაზრდის მიზნით, ნიჭიერი ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსებისთვის კონკურსს აცხადებს. 20 წლამდე ნიჭიერ ადამიანებს საშუალება აქვთ საკუთარი მუსიკალური შესაძლებლობები გამოავლინონ.
"ვეძებთ ნიჭიერ ადამიანებს, რომლებსაც იდეალური სმენა და ხმა აქვთ. გვინდა, 10-20-კაციანი ჯგუფი შევქმნათ, რომელთაც ამერიკიდან მასწავლებლებსა და პროდუსერებს ჩამოვუყვანთ. ეს კონკურსი ახალგაზრდა ნიჭიერი ადამიანების საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანას გულისხმობს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" "Georgian Dream"-ის პრესსამსახურის წარმომადგენელმა თამთა ასლანიშვილმა.
კასტინგის ბოლო ვადა 1-ელ ოქტომბრამდეა. ჟიურის წარმომადგენლების ვინაობა კონფიდენციალურია, თუმცა როგორც "Georgian Dream"-ის პრესამსახურში აცხადებენ, ბერა ივანიშვილი თითოეულ კონკურსანტს თავად მოუსმენს.
"ბერას ძალიან უნდა, ბევრი ნიჭიერი ადამიანი ჩაერთოს კონკურსში. ის ყველა მათგანს მოუსმენს და დააფიქსირებს საკუთარ აზრს. სამომავლოდ, შეიძლება გამარჯვებულთან დუეტიც კი ჩაწეროს", - განაცხადა ასლანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "Georgian Dream"-ის დამფუძნებელი საავტორო სასიმღერო ჟანრის ახალგაზრდა წარმომადგენელი, მუსიკოს-შემსრულებელი ბერა ივანიშვილია. ის ქართული შოუბიზნესის ხელშეწყობას, საკუთარი შემოქმედებითი გეგმების რეალიზაციასა და საერთაშორისო სახელის მქონე მუსიკოსთა ქართველებისთვის გაცნობას სწორედ ამ კომპანიის მეშვეობით გეგმავს.