ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარე გია თორთლაძე ითხოვს, დონორების მიერ გამოყოფილი თანხით რეაბილიტაციური სამუშაოს ჩატარების დროს გათვალისწინებული იყოს ადგილობრივი თვითმმართველობების მოსაზრებები და კომპანიების მიერ უკვე ჩატარებული სამუშაოს ხარისხი. ამის შესახებ თორთლაძემ ანტიკრიზისულ საბჭოს სხდომაზე დონორი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
სხდომაზე მონიტორინგის მასალის პრეზენტაცია მოეწყო და ინფრასტრუქტურისთვის გაწეული სამუშაო დადებითად შეფასდა, თუმცა საუბარი შეეხო იმ ნაკლოვანებებსაც, რაც საჭომ მონიტორინგის დროს აღმოაჩინა.
მთავრობის საპარლამენტო მდივნის, გია ხუროშვილის თქმით, მომავალში რეგიონებში სარეაბილიტაციო სამუშაოს დროს ადგილობრივი თვითმმართველობების მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, მიმდინარე წელს "დონორთა კონფერენციიდან" გამოყოფილი თანხიდან 700 მოლიონ ლარამდეა გახარჯული. ანტიკრიზისული საბჭოს სხდომას შეერთებული შტატების, საფრანგეთის და გერმანიის საელჩოს, ასევე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები და რეგიონალური განვითარებისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.