ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე აცხხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პანკისის ხეობასთან დაკავშირებით სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მამუკა არეშიძემ განუცხადა, პანკისის ხეობა რამდენიმე წლის წინ ტერორისტებთან ასოცირდებოდა და რუსეთი ახლაც ცდილობს ამით მანიპულირება მოახდინოს საერთაშორისო საზოგადოებაში. არეშიძის თქმით, რამდენიმე დღის წინ საქართველოს კონტექსტში ალ-ქაიდასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ უცხოელი ობივატელისათვის პანკისი ტერორიზმის საფრთხესთან ასოცირდება, ამიტომ არეშიძის თქმით, ხელისუფლებამ ხეობის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ყოველგვარი შესაძლო გართულებები.
"თავის დროზე, რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა და პოლიტელიტამ მოახერხეს საქართველოს როგორც ტერორისტთა თავშესაფრის იმიჯის დამკვიდრება და დიდი ბრძოლა დასჭირდა იმას, რომ ქვეყანას ეს იმიჯი ჩამოცილებოდა. პანკისის ხეობა უცხოელი ობივატელის ყურში დარჩა როგორც ტერმინი, რომელიც ესადაგება ტერორიზმს. რუსები ამას მუდმივად ატრიალებენ და როდესაც ალ-ქაიდას შესახებ ინფორმაცია გაჟღერდა საქართველოსთან კონტექსტში, ვინც ამ საკითხში გარკვეულია, ბუნებრივია ეს დააკავშირა პანკისის ხეობასთან, მე ვსაუბრობ უცხოელ ობივატელზე, ამიტომ, აქიდან გამომდინარე, ხელისუფლების უყურადღებობა ან არასწორი პოლიტიკა პერსპექტივაში ძალიან ცუდად შეიძლება დაგვიბრუნდეს", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" მამუკა არეშიძემ.
რაც შეეხება ამ დროისათვის ხეობაში არსებულ მდგომარეობას, ექსპერტის თქმით, ხეობაში ვაჰაბიტების მიერ შევიწროებულია ტრადიციული ისლამი. არეშიძის თქმით, ამ ეტაპზე ვაჰაბიტები ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ ლოიალურები არიან, თუმცა ექსპერტის თქმით, სამომავლო პერსპექტივის პროგნოზირება რთულია.
`პანკისში მნიშვნელოვნად არის შევიწროებული ტრადიციული ისლამი. სამაგიეროდ, დომინირებს ვაჰაბიზმი. ამიტომაც საქართველოს ხელისუფლებას პანკისში სერიოზული ყურადღების გამოჩენა მართებს. პანკისის ხეობაში მყოფი ვაჰაბისტები დღეს ლოიალურები არიან საქართველოს ხელისუფლების მიმართ, თუმცა ხვალ რა მოხდება, ამის პროგნოზი ძალიან რთულია~, _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" მამუკა არეშიძემ.