"ქრისტიან-დემოკრატები" ითხოვენ, რომ საქართველოში შვიდ წლამდე ბავშვების მკურნალობა სახელმწიფომ აანაზღაუროს. ეს მოთხოვნა `ქრისტიან-დემოკრატების~ წარმომადგენელმა მაგდა ანიკაშვილმა დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გახმოვანა.
როგორც მაგდა ანიკაშვილი გაცხადებს, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ბავშვთა ჯანმრთელობაზე, ვიდრე მათი იმუნური სისტემა არ ჩამოყალიბდება და სხვადასხვა დაავადების გართულების საფრთხე ნაკლები იქნება.
მისი განმარტებით, შვიდი წლის ასაკის ბავშვის იმუნური სისტემა შედარებით ძლიერია და გავლილია საზოგადოებასთან ადაპტაციის ერთი წელი ანუ სასკოლო პერიოდი და შესაბამისად ამ დროიდან არის რეკომენდებული ბავშვზე ზრუნვის პასუხისმგებლობის ნაწილობრივი გადაბარება ოჯახზე და სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური ვალდებულების მოხსნა.
,,გაუგებარია რას ეფუძნება დღევანდელი ნორმა. ასაკობრივი ბარიერი, რომელიც გადის სამ წელზე. რადგან როგორც სამი, ისე ოთხი წლის ბავშვის მიმართ მიდგომა და ყურადღება თანაბარი უნდა იყოს, რადგან რისკები დაავადებათა გართულებისა არის თანაბარი", - განაცხადა ანიკაშვილმა.
მისი თქმით, პირველ ეტაპზე აქცენტი უნდა გაკეთდეს დაავადებათა პრევენციასა და ამბულატორიულ მომსახურებაზე, შემდეგ კი ახალი მიდგომა ჰოსპიტალურ სექტორზე უნდა გავრცელდეს და შესაბამისად, ფრაქცია ითხოვს თავდაპირველად ცვლილება პოლიკლინიკების დაფინანსების წესს შეეხოს, ხოლო შემდეგ სხვა სამედიცინო დაწესებულებებს.
ანიკაშვილის განცახედბით, ,,ქრისტიან-დემოკრატების" პრიორიტეტი 2010 წელს, ჯანდაცვის სფეროში მცირეწლოვან ბავშვთა სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება იქნება.