საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები სახელმწიფოთა შორის არ მიმდინარეობს.
როგორც მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ კალანდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს საკითხი ამ ეტაპზე მხოლოდ კერძო კომპანიების დონეზე განიხილება.
"ამ მოლაპარაკებებში სახელმწიფო ჩართული არ არის. საკითხი ამ ეტაპზე კერძო კომპანიებს შორის უნდა გადაწყდეს", - განაცხადა კალანდაძემ.
მისივე განმარტებით, თუ რუსული მხარე ჩარტერული რეისების დანიშვნას დათანხმდა თბილისი მას მხოლოდ მიესალმება. ამასთან ვაშაძის მოადგილის თქმით, საქართველო მზადაა საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით რუსულ მხარესთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა აქვე განმარტავს, რომ ამ ეტაპზე საკითხი დღის წესრიგში არ დგას.